უკან დახევა ქართულ ხასიათში არ ზის - ზაზა ფაჩულიას NBA-ური ჩხუბების ისტორია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ თამაშისას მოედნიდან გააძევეს. მიზეზი გოგას გაცხარებაა – მან თავი მიაბჯინა პეიტონ II-ს, რის გამოც მსაჯებისგან დისკვალიფიკაცია მიიღო.

გოგას მოქმედება, ცხადია, მოსაწონი არაა, თუმცა ერთგვარად სიმბოლურია, რომ მან მეტოქისკენ სწორედ იმ მოედნზე გაიწია, რომელზეც ზაზა ფაჩულია ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. ზაზა ამჟამად „გოლდენ სტეიტის“ ორგანიზაციაში მუშაობს, NBA-ში კი მას შემდეგ ალაპარაკდნენ მასზე ხმამაღლა, რაც 2008 წელს კევინ გარნეტს დაუპირისპირდა.

2008 წლის შემდეგ ზაზას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში არაერთ კალათბურთელთან მოსვლია შელაპარაკება, საქმე ფიზიკურ გაწევ-გამოწევამდეც მისულა.

გავიხსენოთ ზაზას ყველა დაპირისპირება NBA-ში.

 

VS კევინ გარნეტი

2008 

ამერიკული გაზეთი „ატლანტა კონსტიტუშენი“ ასე გამოეხმაურა ფაჩულიასა და კევინ გარნეტის შეხლა-შემოხლას:

„2008 წლის NBA-ის პლეი ოფის დაწყებამდე „ჰოქსსა“ და „სელტიქსს“ თანაბარ გუნდებად არავინ თვლიდა, მაგრამ ბოლო თამაშმა ბევრს აზრი შეაცვლევინა. ზაზა ფაჩულიასა და კევინ გარნეტის შეხლა-შემოხლამაც ნათლად დაგვანახა, რომ ჯორჯიელები არაფრის დამთმობი არ იყვნენ.

მერვედფინალური სერიის ერთ-ერთ ატლანტურ დაპირისპირებაში, დიდ შესვენებამდე 7:24 წუთით ადრე, „ბოსტონის“ ფარზე ბურთისთვის ბრძოლისას, გარნეტმა ზაზას მკერდში იდაყვი უთავაზა. ქართველმა ცენტრმა საპასუხოდ შეძახილითა და თავით გაიწია მეტოქისკენ. ვიდრე ზაზა და გარნეტი საქმეს არჩევდნენ, ატლანტელმა ჯო ჯონსონმა და ბოსტონელმა სემ კასელმა ორჯერ მოასწრეს წაკინკლავება. შესაბამისად, ფაჩულიასა და გარნეტის დარად მათაც ტექნიკური შენიშვნები მიიღეს.

ამ ინციდენტს ზაზა ფაჩულია ასე გამოეხმაურა:

„ყველამ ვიცით, რომ გარნეტი დიდი კალათბურთელია. ლიგისთვის ბევრი გაუკეთებია და მომავალში დიდების დარბაზშიც უნდა მოხვდეს, მაგრამ ყოველივე ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არაფრის დათმობას არც მე ვაპირებ და არც „ჰოქსი“. ჯორჯიელი ვარ, საქართველოს რესპუბლიკიდან. უკან დახევა ქართულ ხასიათში არ ზის“.

 

VS დუაით ჰოვარდი და ჯეისონ რიჩარდსონი

2011

2011 წლის ევრობასკეტზე ლიეტუველებმა ჟურნალი გამოუშვეს, რომელშიც ჩემპიონატის ყველა მონაწილეს ორ-ორი გვერდი მიეძღვნა. საქართველოს ნაკრების შესახებ სტატიაში ზაზა ფაჩულიასა და ჯეისონ რიჩარდსონის ჩხუბის მომენტი იყო აღბეჭდილი.

2011 წელს ზაზას „ატლანტა ჰოქსმა“ NBA-ის პლეი ოფში „ორლანდო მეჯიქი“ დაამარცხა. სერიის მესამე მატჩის დასრულებამდე 2:22 წუთით ადრე ფაჩულიამ და ორლანდოელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ჯეისონ რიჩარდსონმა იჩხუბეს, რის გამოც ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს.

ყველაფერი კი ასე მოხდა: დუაიტ ჰოვარდი ატლანტელთა საჯარიმოში შეიჭრა, მას ფაჩულია მეურვეობდა. ქართველმა ცენტრმა მოძრაობაში მყოფ ორლანდოელთა ლიდერს ხელში ჩაარტყა, რაზეც ჰოვარდმა საპასუხოდ ზაზას იდაყვი მოარტყა და თავად მოედნის გარეთ გავარდა. სიტუაცია დაიძაბა და სანამ ჰოვარდი მობრუნდებოდა, ფაჩულიასთან ჯეისონ რიჩარდსონი მივიდა და სავარაუდოდ, მწარე სიტყვები უთხრა.

ქართველმა ცენტრმა რიჩარდსონს სახეში თავი რამდენჯერმე ჩაარტყა, ხოლო ჯეისონმა მარცხენა ხელი მოუქნია. შუაში მსაჯები ჩადგნენ, მოთამაშეებმა კი მოჩხუბრები გააშველეს.

„ეს არის სიტუაცია, როცა არასდროს ვიხევ უკან. ეს ჩემი პირადული ამბავია“, – თქვა ინციდენტის შესახებ ზაზა ფაჩულიამ.

 

VS ლებრონ ჯეიმსი

2012 

„მაიამი“-„ატლანტას“ მატჩის მესამე მეოთხედში, ბურთის მოსაპოვებლად მოედანზე გაწოლილ ქართველ ცენტრს ლებრონი ზედ დაახტა. ტკივილისგან შეწუხებულ ფაჩულიას ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა და „თავდამსხმელი“ ჯეიმსი მკლავით მოიშორა.

ლებრონი ზაზას გაექაჩა და გვარიანი ჩოჩქოლი ატყდა, რომელიც სხვა მოთამაშეებმა გაანეიტრალეს. ზეზე წამომდგარი ჯეიმსი კისერს იზელდა, ფაჩულიამ გამეტებით წამიჭირაო.

მსაჯმა ქართველი ცენტრი ტექნიკურით დასაჯა და თამაში განახლდა…

 

VS ჟიდრუნას ილგაუსკასი

​2012

NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში „ატლანტა“-„მაიამის“ მატჩისას ფლორიდელთა ცენტრი ჟიდრუნას ილგაუსკასი მოედნიდან გააძევეს. მას ნერვებმა უმტყუნა.

შეხვედრის დასრულებამდე 3.5 წუთით ადრე „ჰოქსის“ ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ლიეტუველი დაჯაბნა, ბურთი კალათში მოათავსა და თავისი გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (87:88). ამან ჟიდრუნასი ისე განარისხა, რომ ბურთი აიღო და თავისი ფარისკენ შებრუნებულ ფაჩულიას ზურგში ესროლა. მსაჯებმა ილგაუსკასი გასახდელში გაგზავნეს.

თამაშის შემდეგ, რომელიც „მაიამის“ გამარჯვებით 98:90 დასრულდა, ზაზა ფაჩულიამ იმავე დღისით თქვა:

„უცებ ვერ მივხვდი, ეს ბურთი იყო თუ დარტყმა. არც კი ვიცი, რამ გამოიყვანა ის მწყობრიდან. ჟიდრუნასი ერთ-ერთი საუკეთესო ბიჭია. ვაპირებ დავურეკო. ან შესაძლოა, უბრალოდ შეტყობინება გავუგზავნო. ახლა ჩემს ზარს ალბათ არც უპასუხებს“.

 

VS ნიკოლა მიროტიჩი

2015

NBA-ის პლეი ოფში ზაზა ფაჩულიას „მილუოკი“ „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა. მატჩი ნამდვილ ომად იქცა, იყო ნერვების ჭიდილი, გაწევ-გამოწევა…

პირველ ტაიმში მილუოკელი ჯონ ჰენსონი და ჩიკაგოელი აარონ ბრუკსი გაიქაჩნენ ერთმანეთისკენ.

იმ ეპიზოდში ზაზა მოედანზე არ იყო, თუმცა, მოგვიანებით ისიც გაეხვია შარში: მატჩის დასრულებამდე 2:47 წუთით ადრე იგი „ჩიკაგოს“ საჯარიმოსთან ბურთის მოსაპოვებლად ნიკოლა მიროტიჩს გადაახტა. ბურთს კი შესწვდა, მაგრამ იატაკზე გართხმულმა ჩერნოგორიელმა მიროტიჩმა ქართველს ზურგში ხელი ჰკრა.

ზაზა აგრესორს გაბრაზებული მიუბრუნდა, თუმცა წაქცეულებს დროულად მიუსწრეს თანაგუნდელებმა.

მსაჯებმა ორივეს ტექნიკური შენიშვნა მისცეს. ეს კი ზაზას გაძევებას ნიშნავდა, რადგან მას წუთნახევრის წინ ერთი ტექნიკური უკვე მიღებული ჰქონდა (მიროტიჩს სახეში იდაყვი მოარტყა, შემთხვევით).

ფაჩულია მშვიდად შეხვდა განაჩენს და გასახდელშიც დინჯი ნაბიჯებით გავიდა.

მატჩის შემდეგ „მილუოკის“ მწვრთნელის ჯეისონ კიდის კომენტარი ასეთი იყო: „უბრალოდ გაგვიმართლა, რომ გუნდში ზაზა გვყავს“.

 

VS დევიდ ვესტი

2016

2016 წელს, როდესაც ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა, ცალკე სტატიის თემად იქცა მისი და კლუბის კიდევ ერთი ახალწვეულის, დევიდ ვესტის შეხვედრა. წინა წელს მათ შელაპარაკება მოუვიდათ, თუმცა ზაზამ მშვიდად თქვა:

„ყოველგვარი ჩხუბის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ხანდახან, როცა საჭიროა შენს გუნდს დაეხმარო, ცოტა უფრო აგრესიული უნდა იყო. რაც შეეხება დევიდ ვესტთან დაპირისპირებას, ბავშვები აღარ ვართ, რაც იყო შარშან, მოედანზე, უკვე დავიწყებულია“.