გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება
გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, დღეს გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.

როგორც გოეთეს ინსტიტუტში აცხადებენ, ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრებიან და გამარჯვებულებს დააჯილდოებენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი.

გერმანული ენის ეროვნულ ოლიმპიადაში გამოვლენილი გამარჯვებულები საქართველოს სახელით გერმანიაში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან, რომელიც დრეზდენში 2020 წელს 26 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

ეროვნული ოლიმპიადის ფინალური ეტაპის ჟიური გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის საელჩოს, გერმანული საერთაშორისო სკოლისა და გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან შედგება.

პირველ მარტს გოეთეს ინსტიტუტში საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის საგზურების მოსაპოვებლად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობას ღებულობს თბილისისა და საქართველოს რეგიონების გერმანულენოვანი საჯარო სკოლების 62 საუკეთესო მოსწავლე. საფინალო ეტაპზე მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გამოცდაში, რომელიც ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს B2 საფეხურს შეესაბამება.

ფინალური ტური ორ რაუნდად ჩატარდება: წერითი და ზეპირი გამოცდა. წერილობითი გამოცდის შემდეგ 62 მონაწილიდან ზეპირ ეტაპზე 21 რჩეული მოსწავლე გადავა. ზეპირი გამოცდა საჯარო ჯგუფური პრეზენტაციებისგან შედგება, როდესაც მოსწავლეების ენობრივი ცოდნის გარდა მათი კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნების უნარი შეფასდება.

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიო მასშტაბით გერმანულ ენაში ყველაზე დიდი კონკურსია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გერმანიაში ტარდება და მასში ხუთი კონტინენტის დახლოებით 75 ქვეყნის მოსწავლე მონაწილეობს. ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო დონეზე ეჯიბრებიან ერთმანეთს ენის ცოდნაში, ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებში. გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გერმანული ენისადმი ინტერესისა და ტოლერანტობის გაღრმავებას, მათთვის გერმანული კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაცნობას.

გასულ წლებში საერთაშორისო ოლიმპიადა დრეზდენში (2008), ჰამბურგში (2010), ფრანკფურტში (2012, 2014), ბერლინსა (2016) და ფრაიბურგში (2018) გაიმართა.