გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის დაჯილდოება გაიმართა.

გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები ანა თოიძე – თბილისის №6 სკოლის მოსწავლე და ანანო ბაკარნაძე – ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის №1 სკოლის მოსწავლე გახდნენ.

მათ გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ საშა ფაბრიმ მთავარ პრიზად გერმანიაში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გასამგზავრებელი სტიპენდიები გადასცა, რომელიც ფრაიბურგში 2018 წლის 15-28 ივლისს გაიმართება.

ამით გამარჯვებულ ორივე მოსწავლეს ეძლევა უნიკალური შანსი, საქართველოს სახელით ფრაიბურგში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მსოფლიოს 5 კონტინენტის 60 ქვეყნის 100 მოსწავლეს შეუერთდნენ და საერთაშორისო დონეზე ამ დიდ კონკურსზე შეეჯიბრონ ერთმანეთს არა მარტო გერმანული ენის ცოდნაში, არამედ ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებში.

III ადგილზე გავიდა თბილისის №195 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მდივნიშვილი. მას საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისგან გერმანულის ენის კურსის უფასო ვაუჩერი გადაეცა, ფინალში გადასული 20-მდე მოსწავლე კი გოეთეს ინსტიტუტმა და პროექტის პარტნიორმა „არვატო ბერთელსმანმა“ გერმანულენოვანი საზაფხულო აკადემიის საგზურებით დააჯილდოვეს, რომელიც 21-28 ივლისს რუსთავში სკაუტების საერთაშორისო ბანაკში შედგება.

გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობა თბილისისა და საქართველოს რეგიონების გერმანულენოვანი საჯარო სკოლების 56 საუკეთესო მოსწავლემ მიიღო. ფინალური ტური, რომელიც ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს B2 საფეხურს შეესაბამებოდა, 2 რაუნდად ჩატარდა: წერითი და ზეპირი გამოცდა. წერილობითი გამოცდის შემდეგ 56 მონაწილიდან 21 რჩეული მოსწავლე ზეპირ ეტაპზე გადავიდა. ზეპირი გამოცდა საჯარო ჯგუფური პრეზენტაციებისგან შედგებოდა, როდესაც მოსწავლეების ენობრივი ცოდნის გარდა მათი კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნების უნარი შეფასდა. ეროვნული ოლიმპიადის ფინალური ეტაპის ჟიური გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის საელჩოს, საქართველოს განათლების სამინისტროს, გერმანული საერთაშორისო სკოლისა და გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.