გოჩა თევდორაძე - სულ ორდღიანი მონაკვეთი გვაქვს, რათა კონსენსუსამდე მივიდეთ
გოჩა თევდორაძე - სულ ორდღიანი მონაკვეთი გვაქვს, რათა კონსენსუსამდე მივიდეთ

კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ვერ გამოვა და სხვა ალტერნატივა ვერ იარსებებს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ ჟურნალისტებს შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იმ პრობლემებზე იქნება, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

„საუბარი გვექნება იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ვდგავართ და ღრმა პოლიტიკური კრიზისზე. ჩვენ მიერ დაყენებული საკითხი უთუოდ იქნება ის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ვფიქრობ, ეს ვიზიტი დღევანდელი შეხვედრით არ ამოიწურება, ალბათ, შემაჯამებელი შეხვედრაც იქნება. კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ვერ გამოვა და სხვა ალტერნატივა ვერ იარსებებს“, – განაცხადა თევდორაძემ.

ამასთან, „პატრიოთა ალიასნსის“ წევრი არ გამორიცხავს, რომ დღესვე შედგეს შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„არ გამოვრიცხავ, დღესვე, მოგვიანებით ჩატარდეს ეს შეხვედრა, ან ხვალ. ყოველ შემთხვევაში, ვადებში ისე ვართ, სულ ორდღიანი მონაკვეთი გვაქვს, რათა კონსენსუსამდე მივიდეთ. ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ერთობლივი განცხადებით გამოვიდა, რომ არჩევნები გაყალბდა და საჭიროა ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ცხადია, ოპოზიციისგან ეს საკითხი ვერ იქნება დათმობილი. ესაა უმთავრესი საკითხი. სხვა თემებზე საუბარი იქნება, როდის ჩატარდეს ეს არჩევნები, როგორი იყოს ამისთვის საარჩევნო გარემო და ამაზე კონსენსუსს მარტივად მივაღწევთ“, – განაცხადა თევდორაძემ.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.