გოჩა თევდორაძე - შეხვედრები მესამე რაუნდით არ დასრულებულა და კიდევ გაგრძელდება, ვადამდელი არჩევნების საკითხზე შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული
„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მთავარ საკითხზე ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის. მისივე თქმით, შეხვედრები მესამე რაუნდით არ დასრულებულა და ის კიდევ გაგრძელდება.
გოჩა თევდორაძის განმარტებით, ჯერჯერობით ვადამდელი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება არ შემდგარა.
„მთავარ საკითხზე ჯერ არ მიღწეულა შეთანხმება, კიდევ გრძელდება შეხვედრები, მესამე რაუნდით არ დასრულებულა ეს შეხვედრები. ჩვენი იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და უფრო მეტად გაანალიზებს იმ პრობლემას, რომელიც არის ქვეყანაში.
თქვენ იცით, რაც არის უმთავრესი საკითხი, ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს. ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის მიღწეული შეთანხმება“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
რაც შეეხება კითხვას, „რას გთავაზობთ ხელისუფლება?“, თევდორაძე პასუხობს, რომ „ძალზე ბევრ საკითხს, გარდა ვადამდელი არჩევნებისა“.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.