გოჩა თევდორაძე - საჭიროა განმეორებითი არჩევნები, მოსახლეობის ხმების რეალურად ასახვა პარლამენტში, ამის შემდეგ ყველა რეფორმაზე შეიძლება ვისაუბროთ
გოჩა თევდორაძე - საჭიროა განმეორებითი არჩევნები, მოსახლეობის ხმების რეალურად ასახვა პარლამენტში, ამის შემდეგ ყველა რეფორმაზე შეიძლება ვისაუბროთ

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ „განმეორებითი არჩევნების გარდა, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის საპირწონე ვერც ერთი თემა ვერ იქნება“.

მისი თქმით, საჭიროა განმეორებითი არჩევნები, მოსახლეობის ხმების რეალურად ასახვა პარლამენტში და ამის შემდეგ ყველა რეფორმაზე შეიძლება საუბარი.

„ვერც ერთი საკითხი, გარდა განმეორებითი არჩევნებისა, ვერ იქნება საპირწონე გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხისა. ამიტომ დღეს თუ რომელიმე პარტია ან პარტიის წარმომადგენელი საუბრობს იმაზე, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ან სხვა საკითხები შეიძლება გამოყენებული იქნას საპირწონედ, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანაც.

„ქართულ ოცნებას“ ამის სურვილი რომ ჰქონოდა, ასეთ ნაბიჯებს გადადგამდა. „ქართული ოცნება“ არის თავად გამყალბებელი, „ქართულ ოცნებას“ სურდა, ყოფილიყო კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში, გვაქვს კიდეც. ამიტომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ შეიძლება, რამე პოზიტივი მოხდეს ამ მიმართულებებით, საჭიროა განმეორებითი არჩევნები, მოსახლეობის ხმების რეალურად ასახვა პარლამენტში და ამის შემდეგ უკვე შეიძლება ყველა რეფორმაზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა გოჩა თევდორაძემ.

შეგახსენებთ, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „არსებობს რაღაცები, რაც შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა თავისი გარანტიებით“.