გოჩა თევდორაძე - ქვეყანაში ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე იმ შეფასებებში, რომელიც ამერიკელი კონგრესმენებისგან ვნახეთ
გოჩა თევდორაძე - ქვეყანაში ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე იმ შეფასებებში, რომელიც ამერიკელი კონგრესმენებისგან ვნახეთ

ქვეყანაში ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე იმ შეფასებებში, რომელიც ამერიკელი კონგრესმენებისგან ვნახეთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ქვეყანაში უფრო მძიმე სიტუაციაა და ასეთი შეფასებები თავისთავად იქნებოდა. ხელისუფლება რეალურად იმსახურებს ასეთ შეფასებებს და კრიტიკას. რაც შეეხება იმას, ვინ გამოუტანს ვერდიქტს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობა თუ საქართველოს მოსახლეობა, „ქართული ოცნება“ ისეთ ნაბიჯებს დგამს, მას საქართველოს მოსახლეობა გამოუტანს ვერდიქტს და კარგი იქნება, თუ ეს 2020 წლის არჩევნებზე მოხდება და არა არჩევნებამდე“, – განაცხადა თევდორაძემ.

ამ განცხადებით გოჩა თევდორაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არსებობს თუ არა აშშ-ის კონგრესმენთა მიერ გამოთქმული კრიტიკის საფუძველი, რას ნიშნავს, როცა ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და საბოლოო ჯამში, ვინ უნდა გამოუტანოს ვერდიქტი ხელისუფლებას, ქართველმა ხალხმა თუ დასავლელმა პარტნიორებმა.

მისი თქმით, ხელისუფლების უმაღლეს პირთა განცხადებები არაადეკვატურია.

„მოვისმინე პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის განცხადებები და მეგონა, ერთხელ რაღაც აზრი და სიტყვა გაექცა. როდესაც ორი სენატორის კრიტიკული შენიშვნები გამოქვეყნდა, მან თქვა, ორი სენატორის მიერ გამოთქმული მოსაზრება ჩვენთვის არ არის ძალზე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის საშინაო დავალება და სახელმძღვანელო დოკუმენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებააო. ეს ორი კვირის თავზე კიდევ გაიმეორა. როცა ასეთ განცხადებას პირველი კანონმდებელი აკეთებს, რომ თურმე, საშინაო დავალება, სამოქმედო გეგმა და პროგრამა არის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და არა ქართული საზოგადოების დაკვეთა, ეს რა არის?! როცა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობაზე გაქვს პრეტენზია, ასეთი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს“, – განაცხადა თევდორაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა აშშ-ის კონგრესმენთა განცხადების საფუძველზე იმის საფრთხე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია თითქმის ყოველთვის, დასავლურ შეფასებას ეფუძნება, გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ თუ კონგრესმენთა განცხადებები ამ დინამიკით და გეომეტრიული პროგრესიით გაგრძელდება, რასაც ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე დიდი დრო არ დასჭირდება, ეს ქვეყნის ეკონომიკასაც დააზიანებს და ევროინტეგრაციის პროცესსაც.

„როდესაც გეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე ქვაკუთხედი ეს არის – ქვეყანა უფრო დემოკრატიული გახადო, პირველ რიგში, დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატარო და არჩევნებისთვის თავისუფალი გარემო უნდა შექმნა“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.