გოჩა თევდორაძე - პრინციპულ პოზიციას თუ შეინარჩუნებს ოპოზიცია, ეს პარლამენტი ვერც ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავებს და ვერც საგამოძიებო კომისიას შექმნის
გოჩა თევდორაძე - პრინციპულ პოზიციას თუ შეინარჩუნებს ოპოზიცია, ეს პარლამენტი ვერც ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავებს და ვერც საგამოძიებო კომისიას შექმნის

ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად არის დაფიქსირებული, რომ ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს. ჩვენ და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები გააყალბა ტოტალურად, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა.

როგორც გოჩა თევდორაძემ აღნიშნა, არ შეიძლება, ქვეყანაში დაკანონდეს სიყალბე და გაყალბებით შემდგარი პარლამენტი არ უნდა შედგეს.

„არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, თუ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, თუ იმ პრინციპულ პოზიციას შეინარჩუნებს ოპოზიცია, რომელზეც დღეს დგას, მაშინ ეს პარლამენტი ვერც ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავებს, რადგან ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური და ვერც საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის. არ უნდა გამოძიება იმას, ხილულია, რომ არჩევნები გააყალბა ტოტალურად „ქართულმა ოცნებამ“ და ირაკლი კობახიძე გახლდათ „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი. დღეს „ქართული ოცნება“ გვეუბნება იმ საარჩევნო ყუთების ნაწილის გადათვლას ხელახლა, რომელი ყუთებიც უკვე დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში იმ დაწესებულებაში დევს, რომელმაც არჩევნები გააყალბა. თავისთავად ცხადია, წვდომაც აქვთ და მონდომოებულნიც იყვნენ, რომ იმ ყუთებში ისევ მანიპულირება ეკეთებინათ“, – განაცხადა თევდორაძემ.

მისივე თქმით, უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო, უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი.

„ჩვენ ვერ მივიღებთ ვერაფერ სასიკეთოს, თუ დავაკანონებთ იმ უკანონობას, რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს არჩევნებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩვენ ეს გაყალბებული არჩევნები არ უნდა ვაღიაროთ და არ უნდა დავაკანონოთ ქვეყანაში სიყალბე. არ უნდა დავუკარგოთ მოლოდინი ჩვენს ამომრჩეველს იმისა, რომ არჩევნების გზით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა. დღეს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ვერ ასახავს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომ ამ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება“, – განაცხადა თევდორაძემ.

მისივე თქმით, კობახიძის გამოსვლები აზიანებს შეთანხმების პროცესს, აზიანებს „ქართულ ოცნებასა“ და ქვეყანას.

„მინდა გითხრათ, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ დაფინანსებასთან დაკავშირებით მისი გამონათქვამი არ ეხება, რადგან ჩვენ დაფინანსებას ვიღებთ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თევდორაძემ.

დატოვე კომენტარი