გოჩა თევდორაძე - არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ ბრძოლის გზა დამოუკიდებელი იქნება, არავის შევუერთდებით
გოჩა თევდორაძე - არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ ბრძოლის გზა დამოუკიდებელი იქნება, არავის შევუერთდებით

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივნის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკო-ს შედეგებს არ აღიარებს. მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.

„პატრიოტთა ალიანსი“ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რადგან რეალურად, ეს იყო ძალადობა ამომრჩეველზე, მოსყიდვა ამომრჩევლის, ამომრჩევლის ნების შეზღუდვა, კანონის უხეშად დარღვევა, იგნორირება დემოკრატიის, გამჭირვალობის. ამიტომ, ჩვენ ამ შედეგებს ვერ ვაღიარებთ, უფრო მეტიც, არ ვაპირებთ, შევიდეთ ამ მოწვევის პარლამენტში, რომელიც არჩევნების შედეგებით უნდა დადგეს და მონაწილეობა მივიღოთ ამ პარლამენტის მუშაობაში. ასეთ პარლამენტში, ამ არჩევნებით არჩეულ პარლამენტში ჩვენ არ შევალთ და მონაწილეობას არ მივიღებთ პარლამენტის სამუშაოებში, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

გოჩა თევდორაძის განამარტებით, „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების ბათილად ცნობისთვის ბრძოლას დამოუკიდებლად აპირებს და გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ შეურთდებიან.

„რაც შეეხება, შეძლებს თუ არა ,,ქართული ოცნება“ მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობა დამოუკიდებლად წარმართოს, ,,ქართულ ოცნებას“ ვეტყოდი, რომ უმჯობესი იყო, მას გონიერება გამოეჩინა, როდესაც არჩევნებს ატარებდა, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები ჩაეტარებინა. დღესაც არ არის გვიანი, თუ ჭკუას მოუხმობს, არჩევნების შედეგებს ბათილად ცნობს და რიგგარეშე არჩევენებს დანიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ქვეყანას შეიყვანს ჩიხში. დღეს უკვე დგას არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა, თავისთავად ცხადია, დადგება მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხიც, რადგან დღის წესრიგში უკვე დგას შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი.

„პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო კამპანისაც დამოუკიდებლად მართავდა და დამოუკიდებლად განვაგრძობთ ბრძოლას იმის მისაღწევად, რომ ბათილად იქნას ცნობილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. მოთხოვნები ოპოზიციის სხვა სპექტრისა და ჩვენი ერთი და იგივეა, მაგრამ ეს თავად ხელისუფლების დამსახურებაა, ხელისუფლებისა, რომელიც არა მარტო დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ შეერწყა მას და ფაქტობრივად, ერთ პარტიად იქცა. ჩვენ არავის შევუერთდებით. აქცია იქნება ჩასატარებელი, დამოუკიდებლად ჩავატარებთ, განცხადებებს დამოუკიდებლად ვაკეთებთ და ჩვენი ბრძოლის გზა იქნება დამოუკიდებელი“, – განაცხადა თევდორაძემ.

გოჩა თევდორაძემ საპარლამენტო არჩევნები 2020-ის წინასწარი დასკვნაც შეაფასა. მისი თქმით, რეალურად, საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრება ნეგატიურია.

,,როდესაც მმართველ გუნდს, წინა არჩევნებზე უცხადებდნენ, რომ მოხდა ამომრჩევლის მოსყიდვა, რეკომენდაციად აძლავდნენ, ძალადობისა და მოსყიდვისთვის თავი დაენებებინათ, მაშინაც ამბობდნენ, რომ ძალიან კარგი და მისაღები დასკვნაა. ანალოგიურად, მმართველ გუნდს ხშირად შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, როდესაც სენატორები, კონგრესმენები მოუწოდებენ, რომ დემოკრატიულ პრინციპებზე დამდგარიყო ქვეყანა, მმართველი გუნდი მაშინაც ამბობდა, რომ არაფერი არ ხდება. ანალოგიურად, რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს, რა რეკომენდაციაც არ უნდა მიიღონ ეუთო/ოდირისგან, მმართველი გუნდი წარმოაჩენს, რომ ეს არის მათთვის პოზიტიური და რეალობა სხვაგვარია, რაც საქართველოს მოსახლეობამ გუშინ, არჩევნების დროს იხილა“, – აღნიშნა გოჩა თევდორაძემ.