გოჩა სვანიძე - საქართველოში ნებისმიერი მატჩი უსაფრთხო პირობებში ჩატარდება
გოჩა სვანიძე - საქართველოში ნებისმიერი მატჩი უსაფრთხო პირობებში ჩატარდება

რუსეთის რაგბის ფედერაციის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ საქართველოს პირველ არხთან გააკეთა. მისი თქმით, მოგვიწევს მივიღოთ მოცემულობა, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში ნებისმიერი მატჩი უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.

„რუსეთის ფედერაციამ მოგვწერა ოფიციალურად, რომ მატჩის ჩასატარებლად აღარ ჩამოდიან საქართველოში. ღია და მეგობრული წერილია, რომელშიც ხაზს უსვამენ ჩვენს კარგ ურთიერთობას, რაც რეალურად ასეა, თუმცა მაინც რატომღაც მიაჩნიათ, რომ შეიძლება ეს იყოს მაპროვოცირებელი არაჯანსაღი ძალებისთვის. თუ ვისთვის, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ერთი მინდა ამასთან დაკავშირებით განვაცხადო, რომ აქ ჩვენი აზრები აცდენილია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში ნებისმიერი მატჩი ჩატარდება უსაფრთხო პირობებში. ჩვენ ამის გამოცდილება და განწყობა გვაქვს. ასეა თუ ისე, მათი მოსაზრება უნდა მივიღოთ, სხვა გამოსავალი არ არის. რაც შეეხება ბილეთებს, მოგვიწევს შევწყვიტოთ მათი გაყიდვა, ხოლო გულშემატკივარს მოუწევს გადაწყვეტა – სურს თუ არა ახალ მეტოქესთან მატჩზე დასწრება. ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ – ან დავაბრუნებთ ბილეთებს, ან არა“, – განაცხადა გოჩა სვანიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა, რომ მსოფლიო თასის წინ რუსეთი თბილისს ტესტ-მატჩის სათამაშოდ აღარ ეწვევა.

დატოვე კომენტარი