გოჩა ქავთარაძე - შიომღვიმის მიმდებარედ ჩამოშლილ მასას რაიმე დაზიანება და გზის ჩახერგვა არ გამოუწვევია, ველოდებით გეოლოგებს
გოჩა ქავთარაძე - შიომღვიმის მიმდებარედ ჩამოშლილ მასას რაიმე დაზიანება და გზის ჩახერგვა არ გამოუწვევია, ველოდებით გეოლოგებს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გოჩა ქავთარაძის განცხადებით, შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე კლდის ფერდის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არ დაზიანებულა არც შენობა-ნაგებობა.

როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ვითარებას შეისწავლიან.

„მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე ჩამოიშალა კლდის ფერდი, მასა. ჩამოშლილ მასას რაიმე დაზიანება და გზის ჩახერგვა არ გამოუწვევია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მონასტრის წინამძღვრებთან კოორდინირებული მუშაობით ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს.

ველოდებით გეოლოგებს, რომლებიც შეისწავლიან არსებულ ვითარებას. ვიმედოვნებთ, კოორდინირებულად გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე ვინმე დაშავებული ან შენობა-ნაგებობა დაზიანებული არ არის. რაც შეეხება მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, შესვლა ამ დროისთვის შეზღუდულია მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გოჩა ქავთარაძემ.

შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი დღეს ჩამოიშალა.