გოჩა ლორთქიფანიძე - თეა წულუკიანი არის ავტორი, სულისჩამდგმელი იმ პროექტის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლე ჰყოლოდა
გოჩა ლორთქიფანიძე - თეა წულუკიანი არის ავტორი, სულისჩამდგმელი იმ პროექტის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლე ჰყოლოდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენამდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მისი მოსამართლედ არჩევის საკითხზე ისაუბრა.

გოჩა ლორთქიფანიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი შეუწყო იმას, რომ საქართველოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მოსამართლე ჰყოლოდა.

გოჩა ლორთქიფანიძემ პირველ რიგში მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს და აღნიშნა, რომ სწორედ თეა წულუკიანია ამ ე.წ. პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელი.

„დავიწყებ იმ ადამიანებისთვის მადლობის გადახდით, ვინც განაპირობა ის, რომ დღეს ამ ქვეყანას ჰყავს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მოსამართლე. პირველ რიგში, ეს არის ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც, თუ შეიძლება პროექტი ეწოდოს იმას, რომ ამ ქვეყანას ამ სასამართლოში ჰყოლოდა მოსამართლე, ამ პროექტის იდეის ავტორი, სულისჩამდგმელია. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა გამიწია და შემაგულიანა შემდეგ, რომ მიმეღო მონაწილეობა კონკურსში და ბოლომდე დარჩა ამის მხარდამჭერად.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის, რომ იუსტიციაში იყო გუნდი, რომელმაც შეიმუშავა საარჩევნო პროცესის ძალიან კომპლექსური სტრატეგია, ასევე სამოქმედო გეგმა და განახორციელა ეს გეგმა. ამიტომ ჩემი თანაგუნდელობისთვის არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ახალგაზრდა კოლეგას, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსს ბექა ძამაშვილს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერ იქნებოდა და მადლობას გადავუხდი ქალბატონ პრეზიდენტს, ბატონ პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის, რაც მათ გამოიჩინეს, ასევე, ფასდაუდებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს წვლილი, მინისტრის, ბატონი დავით ზალკალიანის, აგრეთვე, ჩვენი მუდმივი წარმომადგენლობის ნიუ-იორკში, ჰააგაში დროებით საქმეთა რწმუნებულის, ბრაზილიაში ელჩის, ჟენევაში გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი წარმომადგენლის, ასევე, არ მინდა, სხვა მრავალი ელჩის სახელი გამომრჩეს.

მინდა, ყველა მათგანს ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავუხადო და კვლავაც განვაცხადო, რომ მათი ძალისხმევის, მხარდაჭერის, როგორც ამ ქვეყნის მხარდაჭერის, ქართული საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ამავდროულად ის გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობაშია დასახელებული.