გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის სასამართლოსგან ვითხოვთ, განისაზღვროს რუსეთის პასუხისმგებლობა განგრძობადი ოკუპაციისთვის
გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის სასამართლოსგან ვითხოვთ, განისაზღვროს რუსეთის პასუხისმგებლობა განგრძობადი ოკუპაციისთვის

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ ახალ საჩივარში მოითხოვს, განისაზღვროს რუსეთის პასუხისმგებლობა განგრძობადი ოკუპაციისთვის, მავთულხლართების გაბმისთვის, მთლიანად ამ კამპანიისათვის, რაც იწვევს ქართული მოსახლეობის უფლებების დარღვევას.

„21 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მორიგი სახელმწიფოთაშორისო სარჩელი შეიტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს საჩივარი ეხება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ქართული მოსახლეობის მიმართ წარმოებულ კამპანიას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც გამოიხატება მათ დაკავებებში, თავდასხმებსა და მკვლელობებში, რაც არღვევს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნებს. ეს ადმინისტრაციული პრაქტიკა გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ტატუნაშვილის წამებითა და მკვლელობით 2018 წლის თებერვალში.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ განისაზღვროს რუსეთის პასუხისმგებლობა განგრძობადი ოკუპაციისთვის, მავთულხლართების გაბმისთვის, მთლიანად ამ კამპანიისათვის, რაც იწვევს ქართული მოსახლეობის უფლებების დარღვევას.

ეს ეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, ქმედითი სამართლებრივი საშუალებების ქონას, პირადი და ოჯახის ცხოვრების დაცულობას, განათლების უფლებას,მიმოსვლის თავისუფლებას. იკვეთება დისკრიმინაციული მოტივი, რის გამოც, ვასაჩივრებთ და წამოვჭერით საკითხი, რომ რუსეთი არღვევს კონვენციის მე-14 მუხლს, მე-18 მუხლს, არღვევს პიროვნული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, მიმოსვლისა და საკუთრების უფლებას“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.

„საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.