გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის სასამართლო აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილებას 21 იანვარს გამოაცხადებს, ამ საქმის მოსაგებად საქართველომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია
გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის სასამართლო აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილებას 21 იანვარს გამოაცხადებს, ამ საქმის მოსაგებად საქართველომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია

სტრასბურგის სასამართლო აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილებას 21 იანვარს გამოაცხადებს. ამ საქმის მოსაგებად საქართველომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ უწყების საქმიანობის 2020 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ სტრასბურგს წარუდგინა 700 მტკიცებულება და გააანალიზა მასალები.

მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და რუსეთს 10 მილიონის გადახდა დააკისრა.

გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, ამ საქმეს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს ყველა სხდომაზე და 2020 წლის დეკემბერში მიღებულია შუალედური რეზოლუცია.

„მცირე წინსვლა გვაქვს, რადგან რუსეთმა მზაობა გამოთქვა თანხის გადახდის ნაწილში ევროპის საბჭოს შუამავლობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ მცირე წინსვლა დიდ პროგრესში აისახება“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ამასთან, უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან.

„ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ პასუხისმგებლობა დადგეს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.