გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს მოქალაქეები არ ეძებენ მართლმსაჯულების მოწესრიგებას სტრასბურგში და დავების გადაწყვეტას ეროვნულ დონეზე ცდილობენ, რაც ნიშნავს, რომ ქართული სასამართლოების მიმართ ნდობა გაიზარდა
გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს მოქალაქეები არ ეძებენ მართლმსაჯულების მოწესრიგებას სტრასბურგში და დავების გადაწყვეტას ეროვნულ დონეზე ცდილობენ, რაც ნიშნავს, რომ ქართული სასამართლოების მიმართ ნდობა გაიზარდა

საქართველოს მოქალაქეები არ ეძებენ მართლმსაჯულების მოწესრიგებას სტრასბურგში და დავების გადაწყვეტას ეროვნულ დონეზე ცდილობენ, რაც ნიშნავს, რომ ქართული სასამართლოების მიმართ ნდობა გაიზარდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ სამინისტროს 2020 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელები მნიშვნელოვნად შემცირდა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს სხვა მიღწევებზეც, მათ შორის ეროვნულ არქივთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საარქივო ცნობები გაიცემა ონლაინ. მისი თქმით, გრძელდება მხატვრული და დოკუმენტური ფილმების რესტავრაცია და მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის რესტავრაცია.

გოჩა ლორთქიფანიძემ ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრი აგრძელებს უფასო ტრენინგებს სოფლად მცხოვრებთათვის და ფართო საზოგადოებისთვის ახორციელებს სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს.

რაც შეეხება ნოტარიუსთა პალატას, მინისტრის განმარტებით, მუშაობა მიმდინარეობს აპლიკაციაზე, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს პროგრამა Skype-ს.

ასევე, ლორთქიფანიძის თქმით, გრძელდება აღსრულების სისტემის რეფორმა და უკვე დასრულებულია აღსრულების ახალ კოდექსზე მუშაობა.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ცენტრებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაიხსნა 11 ცენტრი – ასპინძაში, აბაშაში, ბაღდათში, დედოფლისწყაროში, ვანში, ნინოწმინდაში, ჩოხატაურში, ჭიათურაში, ჭრებალოში, ხობსა და ხარაგაულში.

ამასთან, გაიხსნა რამდენიმე იუსტიციის სახლი, კერძოდ ქარელის ფილიალი. ლორთქიფანიძის ინფორმაციითვე, მიმდინარეობს ტენდერები სამტრედიისა და ხაშურის იუსტიციის სახლების მშენებლობის მიზნით, ზესტაფონის, ახმეტისა და თერჯოლის იუსტიციის სახლების მშენებლობის საპროექტო სამუშაოები კი დასრულებულია.