გოჩა ლორთქიფანიძე - ამ დრომდე, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა
გოჩა ლორთქიფანიძე - ამ დრომდე, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

ამ დრომდე, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ უწყების 2020 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა კორონავირუსის პრევენციის მექანიზმებზე, რის შედეგადაც პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხო გარემოა შენარჩუნებული.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები; 29 მარტიდან სისტემა გადავიდა ყაზარმულ რეჟიმზე, მოეწყო საკარანტინო ზონები; ყოველი ახალშესახლებული პატიმარი გადის PCR-ტესტირებას;, რეგულარულად ხდება თანამშრომლების, მათ შორის, მედპერსონალის PCR-ტესტირება, ასევე – სასამართლო პროცესებში პატიმრები დისტანციურად მონაწილეობენ.

გოჩა ლორთქიფანიძემ პანდემიის პირობებში, იუსტიციის სამინისტროს მიერ, პრევენციულ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების აბსოლუტური უმრავლესობა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, ამოქმედდა დაჯავშნის სისტემა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მომსახურების მისაღებად, სერვისების აბსოლუტური უმრავლესობა ხელმისაწვდომია ელექტრონულად პლატფორმა – my.gov.ge-ს მეშვეობით, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე შეიქმნა სპეციალური საქაღალდე – STOPCOV შესაბამისი სამართლებრივი აქტებისთვის, დისტანციურ ფორმატზე გადავიდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგმოდულები, ასევე გამკაცრდა უსაფრთხოების რეგულაციები სანოტარო ბიუროებში.