გოჩა ლორთქიფანიძე - ​არასერიოზული იქნება იმის მტკიცება, რომ უსასრულოდ შევძლებდით ისეთი ვირუსის შეჩერებას, რომელმაც მოიცვა მთლიანად მსოფლიო და გლობალური ხასიათი აქვს
გოჩა ლორთქიფანიძე - ​არასერიოზული იქნება იმის მტკიცება, რომ უსასრულოდ შევძლებდით ისეთი ვირუსის შეჩერებას, რომელმაც მოიცვა მთლიანად მსოფლიო და გლობალური ხასიათი აქვს

კოვიდის პრევენციისა და მართვის მხრივ, პენიტენციურ სამსახურში 2020 წლის მარტიდან გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, როგორიცაა საკარანტინო ზონების მოწყობა, რეგულარული თერმოსკრინინგი, ტესტირება, მობილობის შემცირება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არასერიოზული იქნება იმის მოლოდინი და მტკიცება, რომ უსასრულოდ შეძლებდა პენიტენციური სისტემა ისეთი ვირუსის შეჩერებას, რომელმაც მოიცვა მთლიანად მსოფლიო და გლობალური ხასიათი აქვს.

„ბოლო დღეების განმავლობაში რაც მედიასაშუალებებისთვის ინტერესის საგანია, ეს პენიტენციური სამსახურისთვის და იუსტიციის სამინისტროსთვის დიდი ხანია, არის ყოველდღიურობა. იმ თვალსაზრისით, რომ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სამსახურში კოვიდის პრევენციისა და მართვის სისტემას. როგორც იცით, 2020 წლის მარტიდან გატარდა კომპლექსური ღონისძიებები – საკარანტინო ზონების მოწყობა, რეგულარული თერმოსკრინინგი, ტესტირება, მობილობის შემცირება. ეს არის მართლა თავდადებული ძალისხმევის შედეგი. პენიტენციური სამსახურის ყველა თანამშრომელს მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ 10 თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით კოვიდისგან სისტემის დაცვა. ვიტყვი პირდაპირ, რომ ეს ვერ მოახერხეს მსოფლიოს და ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა. სხვათა შორის, ამ მიღწევის შესახებ საუბარი იყო 2020 წლის ნოემბერში, ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშიც. რა თქმა უნდა, არასერიოზული იქნება იმის მოლოდინი და მტკიცება, რომ უსასრულოდ შევძლებდით ისეთი ვირუსის შეჩერებას, რომელმაც მოიცვა მთლიანად მსოფლიო და გლობალური ხასიათი აქვს“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულად მომზადებულია, რომ ინფიცირების ყოველი შემთხვევა მართოს. მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე დაიწყო ყველა პირის ინტენსიური ტესტირება, ინფიცირებული პატიმრების გამოვლენა და მათი მკურნალობა.

„აღსანიშნავი ის კი არ არის, რომ ოდესღაც ვირუსმა შეაღწია პენიტენციურ სისტემაში, არამედ აღსანიშნავია ის, რა შედეგი მოგვცა ჩვენ 10 თვით პენიტენციური სისტემის დაცვამ ვირუსისგან. ამას აქვს ძალიან კონკრეტული შედეგები და გამოხატულება. ეს არის ის, რომ ჯანდაცვის სისტემა პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის კომპონენტის ჩათვლით სრულად მომზადებულია, რომ ვმართოთ ინფიცირების ყოველი შემთხვევა. ეს რომ არ ყოფილიყო, შედეგებიც ძნელად წარმოსადგენია, რა გვექნებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეისთვის ვირუსის კონტროლი არის სრულად მართული, კონტროლს ექვემდებარება. გამომდინარე ახალი ეტაპიდან, როგორც კი პირველი სიმპტომები გამოვლინდა, ჩვენ დავიწყეთ ყველა დაწესებულების ინტენსიური ტესტირება, ინფიცირებული პატიმრების გამოვლენა, იზოლირება და მკურნალობა. ამას აქვს სისტემური ხასიათი და დღესაც გრძელდება“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, კორონავირუსის შემთხვევები ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, არც ერთ სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა.

„დღეისთვის „პისიარ“ ტესტირება ჩატარებულია ოთხ დაწესებულებაში. ეს არის, არასრულწლოვანთა, ქალთა, ბათუმის და გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებებში. მინდა, აღვნიშნო, რომ ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, განსაკუთრებით გეგუთზე, რომ გეგუთი დაიცალა, მძვინვარებს ეპიდემია, გეგუთი მართლაც დაიცალა და დაიცალა ჯანღისგან, გამოჩნდა რეალური სურათი რაც გვაქვს, რის შესახებაც პროაქტიურად ყოველთვის გატყობინებთ. გეგუთში 763 ტესტიდან ყველა უარყოფითია. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს, ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა პენიტენციური სისტემა და რამაც შესაძლებელია, განსაკუთრებით პატიმრებისა და მათი ოჯახების შეშფოთება გამოიწვიოს.

არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში რაც არ უნდა პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში ვიყოთ, რაც არ უნდა დიდ მიზნებს ვემსახურებოდეთ, საბოლოოდ ამ ქვეყანაში მთლიანად საზოგადოება იზომება ჩვენი, თქვენი ურთიერთობით და ქცევით, როგორ ვეპყრობით პენიტენციურ სისტემას და მე ვიტყოდი, როგორი ადამიანები ვართ ჩვენ. ასე რომ, ახლა ინტენსიური ტესტირება გრძელდება ამ წუთებშიც.

კერძოდ, ნომერ მეორე ქუთაისის დაწესებულებაში ბრალდებულ-მსჯავრებულებს უტარდებათ „პისიარ“ ტესტირება. მასიური ტესტირება არის კომპონენტი, მუშაობს კოვიდ ვირუსის აღმოჩენის კონტროლისა და მართვის სისტემა. ეს სისტემა რომ მუშაობს, ამიტომ მასიურ ტესტირებამდეც ხდება მათი აღმოჩენა და სიმპტომების იდენტიფიცირების შედეგად სამოქალაქო სექტორის კლინიკაში „პისიარ“ ტესტირების შედეგად „კოვიდ-19“ ოთხ პატიმარს დაუდასტურდა. ორი მათგანი არის ქსნის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულება და ერთი გლდანის პენიტენციურის მსჯავრდებული. ამასთან, აღვნიშნავ, რომ გლდანის მე-8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან იყო გადმოყვანილი ბრალდებული, ანუ შიგნით ამ დაწესებულებაში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ყველა ამ დაწესებულებაში მიმდინარეობს ტესტირება და განპირობებულია უკვე ამ მართვისა და კონტროლის ეტაპის ამოცანებით. ამის შესახებ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

დატოვე კომენტარი