გოჩა ჯამარაული - გული მეტკინა, ბათუმის „დინამო“ ამ წაგებით ფსიქოლოგიურად დაიშალა #1TVSPORT
მორიგი ჩავარდნილი ევროსეზონი და ქართული კლუბების მდგომარეობა – ეს იყო თემა, რომელზეც პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა გოჩა ჯამარაულმა და ქართველმა საფეხბურთო მენეჯერებმა ისაუბრეს.
გოჩა ჯამარაული: „რა არის ამ ჩავარდნის მიზეზი? წინა სეზონები კარგი რომ ყოფილიყო და პირველივე ეტაპზე გუნდები პირველად ახლა გამოვარდნილიყვნენ, სხვა თემაა. სამწუხაროდ, ასე მოვდივართ დიდი ხანია. ვითარების შეცვლას უნდა ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა, ძალიან დიდი ფინანსები, ევროტურნირებზე ჩვენი სიტყვა რომ ვთქვათ.
ბათუმის „დინამო“ თითქმის შემდეგ ეტპზე იყო გასული და ბოლოს ორი ისეთი შეცდომა დავუშვით – მეკარის გაკრიტიკება კი არ მინდა, მაგრამ პატარა ბავშვმაც იცის, რომ კუთხურის დროს წინა ძელთან მცველი უნდა იდგეს. ეს მეკარის ანბანია. წისეთი შეცდომები დავუშვით, მართლა გული მეტკინა. ამ თამაშის წაგებას ერთი კვირა განვიცდიდი, რადგან ერთ ნაბიჯი და წინ იქნებოდა. ეს გუნდი ფსიქოლოგიურად დაიშალა. რამდენი წელია პრეზიდენტი და მწვრთნელი ამ გუნდს აწყობენ. ამაში კლუბს რამხელა შრომა და ფული აქვს ჩადებული. ეს იყო დასანანი მარცხი, რომელიც ბათუმელების შემდეგ თამაშზე აისახა.
ეროვნული ჩემპიონატი რომ დაიწყო, თბილისის „დინამოდან“ 10 კაცი ვიყავით ნაკრებში. სანამ ასეთი დონის არ გახდება, წარმატებაზე ლაპარაკი შეუძლებელია. არ არსებობს, რომ საქართველოში არ იყვნენ 17-18 წლის ნიჭიერი ბიჭები და მათგან ძლიერი გუნდი არ გააკეთო – უბრალოდ, არ არსებობს! მას უნდა მუშაობა და პროფესიონალები, რომლებიც ამას მიხედავენ. კვარაცხელიას, დავითაშვილის, მამარდაშვილის, აზაროვის წასვლა იყო სუფთა მენეჯერული შეცდომა, რადგან გაიქცნენ. „დინამოს“ მათში 100 მილიონი აქვს დაკარგული. ეს ის თემებია, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა, მაგრამ დიდი ფულის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია“.
გუგა კაჭახიძე: „ქართულ კლუბებთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვავქს, მაგრამ ლეგიონერების ჩამოყვანაზე, სამწუხაროდ, არ ვმუშაობთ. სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონატი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ კარგი ლეგიონერები ჩამოყვანოთ. ჩვენი სააგენტოსთვის კი მიუღებელია ისეთი ლეგიონერის ჩამოყვანა, რომელსაც ძლიერ მოთამაშედ არ მივიჩნევთ. საქართველოში უცხოელი თუ მოგყავს, ადგილობრივზე ათი თავით ძლიერი უნდა იყოს. მე ასე ვუყურებ. მირჩევნია ახალგაზრდა ფეხბურთელმა ითამაშოს, ვიდრე ლეგიონერმა, რომელიც ჩვენს ფეხბურთელზე თუნდაც ოდნავ უკეთესია“.
მალხაზ მუსერიძე: „ორი საკითხია. ვერ ვიტყვი, რომ რთულია მუშაობა ლეგიონერზე, რომელიც ქართულ კლუბს სპორტული და ეკონომიკური კუთხით სარგებლობას მოუტანს – ასეთს მოვძებნით. მაგრამ ეს შრომატევადი პროცესია და ხელშეწყობა თუ არ გაქვს, მირჩევნია, უცხოელის ტრანსფერზე დასახარჯი დრო და ენერგია ქართველი ახალგაზრდის წასვლას მოვახმარო. მეორეა, ლეგიონერს აქ რა გარემოს და განვითარებისთვის როგორ პირობებს ახვედრებ. თორემ ასეთს ჩამოიყვან. მახსოვს „ბორჯომში“ ორი არგენტინელი ჩამოიყვანეს. ისინი საქართველოში მოთამაშეთა 70 პროცენტს სჯობდნენ. არ ვიცი, „დინამო თბილისში“ როგორ არ აღმოჩნდნენ“.