გოჩა ენუქიძე - ამინდის დასტაბილურებასთან ერთად, ლენტეხში დაიწყება სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა ეფექტიანი შედეგების მისაღებად
გოჩა ენუქიძე - ამინდის დასტაბილურებასთან ერთად, ლენტეხში დაიწყება სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა ეფექტიანი შედეგების მისაღებად

ლენტეხის მუნიციპალიტეტი სტიქიას ებრძვის. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, უხვმა ნალექმა სოფლები – დურაში, ტვიბი, ესიერი, და მუწდი გარესამყაროს მოწყვიტა.

წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანებულია სამი ხიდი – მუწდის ხიდი მდინარე მუხრაზე, დურაშის ხიდი მდინარე ჩოლშურაზე და ესიერის ხიდი მდინარე ჩოლშურზე. სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე და გარესამყაროს მოწყვიტა ჩიხარეშის, ჟახუნდერის და ჩოლურის თემები.

გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშილთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხემძღვანელ პირებთან ერთად, დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფება, თუმცა მისი ინფორმაციით, ამ დრომდე ძლიერი წვიმაა, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას აფერხებს.

დეპუტატ გოჩა ენუქიძის განცხადებით, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლების მოსახლეობასთან ამ ეტაპზე მხოლოდ სატელეფონო კავშირია. ამინდის დასტაბილურებასთან ერთად დაიწყება სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა ეფექტიანი შედეგების მისაღებად.