გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ახალ ფრაქციას უხელმძღვანელებს
გუშინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობის შიგნით კიდევ ორი ახალი ფრაქცია შექმნილიყო, გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთს ვუხელმძღვანელებ, – ამის შესახებ პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გოჩა ენუქიძემ განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ფრაქციის სრულ შემადგენლობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მის შემადგენლობაში ნამდვილად იქნებიან ილია წულაია, პაატა მხეიძე, ირაკლი ხახუბია და ოთარ დანელია. მისი თქმით, ახალი ფრაქცია ძირითადად მაჟორიტარებით დაკომპლექტდება.
„რაც შეეხება ახალი ფრაქციების შექმნის მიზეზს, გიდასტურებთ, რომ მიზეზი არის მხოლოდ ერთი, მენეჯმენტის საკითხი და მეტი კოორდინაცია დეპუტატებს შორის. მოგეხსენებათ, რომ დიდ ფრაქციაში 86 დეპუტატია და, ფაქტობრივად, ამან გამოიწვია ფრაქციის შექმნა“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
დეპუტატი გუნდის შიგნით დაპირისპირებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ფრაქციების დაყოფაზე საუბარი აქამდეც იყო.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება.