გნაბრი მეათე ფეხბურთელია, რომელმაც „ეკიპისგან“ ათი ქულა მიიღო

15:54, 02.10.2019

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბაიერნმა“ სტუმრად ანგარიშით 2:7 გაანადგურა „ტოტენჰემი“ და შვიდიდან ოთხი გოლი მიუნხენელთა ფორვარდმა სერჟ გნაბრიმ გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელმა ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპისგან“ (L’Equipe) მაქსიმალური შეფასება – 10 ქულა დაიმსახურა.

როგორც ირკვევა, გნაბრი მეათე ფეხბურთელია ისტორიაში, რომელსაც ფრანგულმა გაზეთმა უმაღლესი შეფასება დაუწერა.

მანამდე „ეკიპისგან“ 10 ქულა მიუღიათ ფრანკ სოზეს (1988 წელი), ბრუნო მარტინის (1988), ოლეგ სალენკოს (1994), ლარს ვინდფელდს (1997), ლიონელ მესის (2010, 2012), რობერტ ლევანდოვსკის (2013), კარლოს ედუარდოს (2014), ნეიმარსა (2018) და დუშან ტადიჩს (2019).

გნაბრი „ბაიერნში“ „ვერდერიდან“ 2017 წელს გადავიდა 8 000 000 ევროდ. ფორვარდმა მიუნხენელთა რიგებში 50 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი