„გლობსეკის“ ვიცე-პრეზიდენტი - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი შეძლებისდაგვარად სწრაფად, არის პრიორიტეტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო და მოლდოვა ძალიან ახლოს არიან ამ ჯგუფთან
„გლობსეკის“ ვიცე-პრეზიდენტი - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი შეძლებისდაგვარად სწრაფად, არის პრიორიტეტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო და მოლდოვა ძალიან ახლოს არიან ამ ჯგუფთან

ზელენსკი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების დაწყებამდე, ცხადი უნდა იყოს, სად სურს უკრაინას ყოფნა გეოპოლიტიკურად და სად იქნება. ეს ცხადად იქნება ნათქვამი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, – ამის შესახებ GLOBSEC-ის ვიცე-პრეზიდენტმა როლანდ ფრაუნდენშტეინმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შეძლებისდაგვარად სწრაფად, არის პრიორიტეტი, თუმცა რა თქმა უნდა, საქართველო და მოლდოვა ძალიან ახლოს არიან ამ ჯგუფთან.

როლანდ ფრაუნდენშტეინის განმარტებით, რუსეთი რამდენჯერმე თავს დაესხა საქართველოს, მოლდოვა ასევე ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის ძალების მიერ, მაგრამ ვითარება ახლა ისეთი დრამატული არ არის, როგორც უკრაინაში, რის გამოც, უკრაინა პრიორიტეტი უნდა იყოს.

„ეს არის გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ყველაზე დიდი ფორუმი, რაც დღემდე ჩატარებულა. ვიტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმია რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, უკრაინაში ომის გამო. „გლობსეკი“ ყველაზე დინამიური ანალიტიკური ცენტრია ცენტრალურ ევროპაში. ეს არის ცენტრალური ევროპის კონსტრუქციული ხმა ბრიუსელში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, „გლობსეკი“ ახლა გახდა უკრაინის ხმა ევროკავშირში. ჩვენ აქტიურად ვთამაშობთ ამ როლს და წლევანდელ ფორუმზე ეს მთავარი საკითხია.

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი შეძლებისდაგვარად სწრაფად, არის პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, საქართველო და მოლდოვა ძალიან ახლოს არიან ამ ჯგუფთან. რატომ არის ახლა უკრაინა ასეთი სასწრაფო? იმიტომ, რომ ზელენსკი მართალია, როდესაც ამბობს, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების დაწყებამდე, ცხადი უნდა იყოს, სად სურს უკრაინას ყოფნა გეოპოლიტიკურად და სად იქნება. ეს ცხადად იქნება ნათქვამი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. რუსეთი თავს დაესხა საქართველოს რამდენჯერმე, მოლდოვა ასევე ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის ძალების მიერ, მაგრამ სიტუაცია ისეთი დრამატული არ არის ახლა, როგორიც არის უკრაინაში. ვფიქრობ, რომ უკრაინა პრიორიტეტი უნდა იყოს“, – განაცხადა როლანდ ფრაუნდენშტეინმა.

ამასთან, როლანდ ფრაუნდენშტეინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრები არ არიან ერთიანები და არ აქვთ კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა შევქმნათ შიდა კონსენსუსი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველომ განახორციელა უზარმაზარი პროგრესი ევროკავშირის სამართლებრივი სტატუსის მიღების მიმართულებით, მაგრამ მეორეა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში იყო ნაკლოვანებები ქართულ დემოკრატიაში, კანონის უზენაესობაში. ასევე, ვიტყოდი, რომ შეიძლება გასაგებად, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობის რეაქცია უკრაინაში რუსეთის საომარ აგრესიაზე, არ იყო კარგი და უკრაინელები ამასთან დაკავშირებით ძალიან წუხან. როგორ გადაწყვეტენ საქრთველო და უკრაინა ამ საკითხს სამთავრობო დონეზე, არ ვიცი, მაგრამ ჩემი რჩევა იქნებოდა სერიოზული მოლაპარაკებები ორ მთავრობას შორის“, – აღნიშნა როლანდ ფრაუნდენშტეინმა.

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.