გლობალური უსაფრთხოების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო ფოთის პორტში სატვირთო ოპერაციები დროებით შეჩერებულია
გლობალური უსაფრთხოების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო ფოთის პორტში სატვირთო ოპერაციები დროებით შეჩერებულია

ფოთის პორტში სატვირთო ოპერაციები 07:00 საათიდან დროებით შეჩერებულია. ამის მიზეზი კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ გლობალური უსაფრთხოების დღის აღნიშვნაა. ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა სახანძრო სწავლება, მოეწყო სესია ,,Fatal 5“ საკონტეინერო ტვირთების და ტვირთთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორის, კლაუს ჰოლმ ლოურსენის განცხადებით, შრომითი სტანდარტების დაცვა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ორგანიზაციის ძირითადი ფასეულობების მნიშვნელოვანი ნაწილია.

მისივე თქმით, გლობალური უსაფრთხოების დღის მიზანი უსაფრთხოების კუთხით ცნობიერების ამაღლება, თანამშრომელთა და კონტრაქტორთა ინფორმირებულობის გაზრდა და შესაძლო რისკების მინიმუმამდე შემცირებაა.

გლობალური უსაფრთხოების დღე მსოფლიო მასშტაბით 130 ქვეყანაში A.P. Moller Maersk-ის ჯგუფში შემავალ ყველა კომპანიაში აღინიშნება.