გლობალური მშვიდობის 2021 წლის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა
გლობალური მშვიდობის 2021 წლის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა

გლობალური მშვიდობის 2021 წლის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 89-ე ადგილს იკავებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ლიდერია.

არასამათავრობო ორგანიზაცია „გლობალური მშვიდობის ინდექსის“ ანგარიშში საქართველოს საერთო ჯამში 2.05 ქულა აქვს მინიჭებული.

ორგანიზაციის მოხსენებაში ცალკე არის გამოყოფილი ევრაზიის რეგიონი, სადაც მშვიდობის ინდექსით საქართველო მე-5 ადგილზეა. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში მხოლოდ საქართველო და შრი ლანკა არიან ქვეყნები, რომლებიც „2008 წელთან შედარებით, 2020 წელს 20 პროცენტით მეტად მშვიდობიანები იყვნენ.

ქვეყნების მშვიდობიანობის საზომი, კომპოზიციური ინდექსი 23 რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორისგან შედგება, მათ შორისაა საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა, ჰომიციდი, იარაღთან წვდომა, ორგანიზებული შიდა კონფლიქტები, ძალადობრივი დემონსტრაციები, სამხედრო ხარჯები, ტერორისტული აქტივობა, მილიტარიზაცია და სხვა.

ორგანიზაციის ანგარიშში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების ათეულია: ისლანდია, ახალი ზელანდია, დანია, პორტუგალია, სლოვენია, ავსტრია, შვეიცარია, ირლანდია, ჩეხეთი და კანადა. გლობალური მშვიდობის ინდექსში ბოლო ადგილებს იკავებენ სირია, იემენი და ავღანეთი.