გლდანში, თეთრი ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გლდანში, თეთრი ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

გლდანში, თეთრი ტბის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ მფლობელობაში არსებულ მიწებს რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ მერიაში წარდგენილი ჰქონდათ განაშენიანების გეგმა, რასაც მერია დათანხმდა, თუმცა რამდენიმე თვეში ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიანიჭა. მიწის მესაკუთრეები აღნიშნული სტატუსის მოხსნას ან ნაკვეთების ადგილმონაცვლეობას ითხოვენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

„შევიძინე მიწის ნაკვეთი. უკვე ამოქმედებული იყო გენგეგმა. მერიამ მოსახლეობას მოგვთხოვა გეგმა, რომ ლამაზად ყოფილიყო განლაგებული ქუჩა და სახლები. რამდენჯერმე მოგვთხოვეს, რომ ჩვენს გეგმაში შეგვეტანა შესწორება. ავიყვანეთ არქიტექტორები, შესწორება შევიტანეთ, თვითონ მერიამ დაგვიმტკიცა მიწის ნაკვეთი, მაგრამ დაახლოებით ორი თვის შემდეგ მიანიჭეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი. თავისივე შეთანხმებული გეგმა მერიამ ვერც უარყო, ვერც აუქმებს და გამოდის ისე, რომ ჩვენც არ გვაძლევს ჩვენივე საკუთრებით სარგებლობის უფლებას. ჩვენი მოთხოვნაა, მოიხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი და მოსახლეობას მისცენ საშუალება, აშენდეს სახლები. ვაპირებთ სამართლებრივ დავას, თუ არ შესრულება ჩვენი მოთხოვნა. მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ და მთავრობამ გაგვცეს პასუხი. ალტერნატიული მიწის ნაკვეთი რომ გადმოგვცენ, მაგაზეც თანახმა იქნება ხალხი, ოღონდ შესაბამის ადგილას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლიკა ქვილორიამ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ტბის დამცავ ზოლს და განაშენიანება კანონით რეგულირდება. ამასთან, მერიაში აღნიშნავენ, რომ ამ ტერიტორიაზე მიწის მესაკუთრეებს არასდროს ჰქონიათ მშენებლობის უფლება.

„აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ტბის დამცავ ზოლს და კანონით რეგულირდება ამ ტერიტორიის განაშენიანება. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა ზონალური სტატუსი ექნება, რადგან ტბის დამცავი ზოლი რეგულირდებოდა და რეგულირდება შესაბამისი კანონის მიხედვით“, – აცხადებენ მერიაში.

აქციას პარტია „მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძეც შეუერთდა და მიწის მესაკუთრეების პრობლემები მოისმინა.

„სამი ტერიტორია ვიცი ამ სიტუაციაში, ჯერ ჩუღურეთში 18 ოჯახს, როდესაც მათ უკვე ჰქონდათ საკუთრება და ელოდებოდნენ მშენებლობის ნებართვას, მათ ნაკვეთებს მოულოდნელად მიანიჭეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი. მანამდე, რამდენიმე თვით ადრე, მოსთხოვეს გეგმა, მოამზადებინეს პროექტები, რათა მიეღოთ მშენებლობის ნებართვა. ეს არის ამ 18 ოჯახის ლეგიტიმური მოლოდინის დარღვევა. მერიის მხრიდან ადგილი აქვს არათანმიმდევრულობას და, სავარაუდოდ, კერძო ინტერესებს. ჩუღურეთში,  საჯარო ტერიტორიაზე მოსახლეობა ითხოვს პარკს და სარეკრეაციო ზონას, მაგრამ იქ სარეკრეაციო სტატუსს არ აძლევენ, აშენებინებენ საკუთარ თანამოაზრეებს კორპუსებს, ამ ტერიტორიაზე კი ხალხს ნაყიდი ჰქონდა მიწები, მომზადებული ჰქონდათ გეგმა და მოულოდნელად ეს სტატუსი შეუცვალეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.