გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, ამ დროისთვის პროექტი ხორციელდება ინგუშეთის ქუჩაზე, მაისურაძის ქუჩის პირველ შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია ეტაპობრივად ყველა იმ დასახლებას მოაწესრიგებს, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემაა.

„პროექტის პირველ ეტაპზე, 1 200 მეტრ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ქუჩებში გარე განათების ახალი ქსელი მოეწყობა. პატარა ტბის დასახლების ამ კონკრეტულ ქუჩებზე მოსახლეობა დღემდე გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. ვერ წარმოიდგენთ, წვიმიან ამინდში რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო. ბევრი გვაქვს ასეთი დასახლებები, სადაც ანალოგიური პრობლემაა. იგივე იყო მუხიანის დასახლებაში, აგარაკებზე, სადაც დავიწყეთ მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. იგივე არის სოფელ დიღომში, მიწისქვეშა კომუნიკაციები არ არსებობს. ყველგან მივდივართ იმ მიდგომით, რომ პირველ რიგში უნდა მოვაწესრიგოთ ეს მიწისქვეშა კომუნიკაციები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, პატარა ტბის დასახლებაში მდებარე ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმოძრავებს.