გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციისთვის 12 მილიონი ლარი დაიხარჯება
გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციისთვის 12 მილიონი ლარი დაიხარჯება

თბილისის მერია გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად გამოიცვლება საკანალიზაციო მილები და კომუნიკაცია. გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციისთვის 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

„წელს ქალაქისთვის ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებთ. დღეს ვიწყებთ გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას. ეს არის ორი ცენტრალური ქუჩა გლდანში, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დამეთანხმებით, რომ ვინც ამ გზით სარგებლობთ, ავტომობილით გადაადგილება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირდაპირ არის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც გზის მონაკვეთზე ჩავარდნებია და ეს იმიტომ, რომ არსებული საკომუნიკაციო და საკანალიზაციო სისტემა მძიმე მდგომარეობაშია. ამ პროექტის ფარგლებში, ორივე ქუჩაზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი, ასევე დამონტაჟდება 22 ახალი სახანძრო ჰიდრანტი. მთელი მიწისქვეშა კომუნიკაციები იქნება ჩანაცვლებული. ასევე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ტროტუარები. გარდა ამისა, დამონტაჟდება განათების ახალი ბოძები ლედ-განათებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.