გლდანში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მუცლის არეში დაჭრილი 15 წლის ბიჭი უკვე მეორე დღეა, კლინიკაში იმყოფება. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ქირურგები კიდევ ერთ ოპერაციას არ გამორიცხავენ. ბავშვს ბასრი საგნით მუცლის ღრუში აქვს ჭრილობა მიყენებული.
„პაციენტი კლინიკაში შემოყვანილია მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობით, დაზიანებული იყო კუჭი და პანკრეასი, ჩატარებულია ქირურგიული ოპერაცია, რის შემდგომაც პაციენტი მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ დადებითი დინამიკით. სამომავლოდ, შესაძლოა, კიდევ გახდეს ქირურგიული ჩარევა საჭირო. ეს ქირურგებთან შეთანხმებით გადაწყდება. ჯერჯერობით, პაციენტის კლინიკიდან გაწერაზე საუბარი ძალიან ნაადრევია“, – აცხადებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის რეანიმატოლოგი ქეთი კუპატაძე.
დაჭრილი მოზარდის ახლობლებს მომხდარზე და სავარაუდო ვერსიებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი ამბობენ, სავარაუდო დამნაშავე იყო ნასვამ მდგომარეობაში და ის არ იცნობდა მოზარდს.
გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი მისთვის უცნობმა პირმა ორი დღის წინ დაჭრა. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.