გლდანში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს
გლდანში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს

გლდანის მე-5 მიკრორაიონში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, 50-მდე ავტოფარეხის მეპატრონე გლდანის გამგეობის ინიციატივას აღნიშნულ მისამართზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის შესახებ დადებითად შეხვდა და ავტოფარეხების დემონტაჟზე თანხმობა განაცხადა.

ავტოფარეხების აღების პროცესს ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს გლდანის კენტი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია, გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ავტოფარეხების დემონტაჟის პარალელურად, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და მალე გლდანს კიდევ ერთი სარეკრეაციო სივრცე შეემატება. ოთარ გრიგოლიამ მოსახლეობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მათ თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი სივრცე ექნებათ.

„დღეს გლდანში დიდი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რაც 8 000 კვადრატულ მეტრზე სკვერის მშენებლობას გულისხმობს. ამასთანავე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან მოლაპარაკების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას და 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს. მათ ნაცვლად კი, ადგილი დაეთმობა ველობილიკებს, საფეხმავლო ბორდიურებსა და რეკრეაციულ ზონას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გლდანის გამგეობას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის და ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც თავიანთი ხელით დაიწყეს ავტოფარეხების დემონტაჟი“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ავტოფარეხების გარდა, აღნიშნულ მისამართზე, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხაურებისა და შემოღობვების დემონტაჟი, არსებული ხეების გასხვლა და მკურნალობა, ბორდიურების და პარკის შიდა მარშრუტებისა და გარე განათების მოწყობა. ახალი სკვერი 8 000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ბავშვთა ატრაქციონები, მოსასვენებელი ფანჩატურები, ველობილიკი, ფეხბურთის სტადიონი, პინგ-პონგის მაგიდები და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა.