გლდანის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა
გლდანის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა

გლდანის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსისა და პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

მათივე ცნობით, გასულ წელს მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ, მოსახლეობის ჩართულობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, წელს კი 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერი მოეწყო. სამუშაოების შედეგად, გაკეთდა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი, დამონტაჟდა ფიტნესზონა. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც – დაირგო ხეები. ტერიტორიაზე მოიხატა კედლები.

როგორც მერიაში აცხადებენ, გლდანის რაიონში პირველად განხორციელდა სკვერში მოწყობილი ბავშვთა სათამაშო მოედნების კაუჩუკის საფარის მოხატვა, რომელიც სამხატვრო სტუდია ,,ბეგი არტის“ მიერ შესრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი” შეასრულა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 925 ლარი დაიხარჯა.

გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ კი არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც – დაირგო ბუჩქები და ყვავილები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბამ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 240 277 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მოსახლეობასთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.