გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი გაიხსნა
გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის რიგით მესამე ფილიალი გახსნა.

იუსტიციის სახლები პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, შეუზღუდავად ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო და კერძო სექტორის 50-ზე მეტ სერვისზე. ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება.

დღესვე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გლდანის ციხეში ახალი სამზარეულო სივრცეც გაიხსნა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საკვების უსაფრთხოების ხარისხს.

სამზარეულო 3 000 ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოემსახურება. რვა სახის მენიუ სხვადასხვა დაავადების მქონე პატიმრებზეცაა გათვლილი და მათი ჯანმრთელობის საჭიროებებზე სრულად არის მორგებული. სივრცეში 17 მსჯავრდებულია დასაქმებული, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებას იღებენ.

გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლისა და სამზარეულო სივრცის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.