გლდანის მერვე მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსთან ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს
გლდანის მერვე მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსთან ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობამ მერვე მიკრორაიონში N1 საცხოვრებელ კორპუსთან ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო, – ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით, გამგეობა აღნიშნული კორპუსის მიმდებარედ 16 ავტოფარეხისა და უსახური შემოღობვის დემონტაჟს ახორციელებს. ამის შემდეგ საპარკინგე სივრცე მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები განხორციელდება.

„ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდებარედ, N2-N4 კორპუსთან არსებული დაზიანებული სკვერი სრულად რეაბილიტირდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნულისთვის დაახლოებით 250 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.