გლდანის მეხუთე მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე გაიხსნა
გლდანის მეხუთე მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე გაიხსნა

გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მდებარე N17-N8–N25 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცე საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ჩართულობით, 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, რომლის შედეგადაც, ტერიტორიაზე არსებული სკვერი გაფართოვდა და დაახლოებით ერთ ჰექტარზე საზოგადოებრივ სივრცეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სამუშაოების შედეგად, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყო. ასევე, განთავსდა სხვადასხვა ატრაქციონი და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, დაირგო ხეები, მოეწყო სპეციალური ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი და საპარკინგე ზონა.

ამასთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, შპს „ნიუ ჰორიზონმა“ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხბურთის მოედანიც მოაწყო.

სხვადასხვა სამუშაოსთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 670 650 ლარი დაიხარჯა.

სკვერის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, „გუფი ლენდის“ კონცერტიც გაიმართა.