გლდანის „კარფურში“ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

15:38, 25.11.2020

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. საუბარია გლდანის „კარფურში“ მომხდარ ფაქტზე.

„საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის 23 ნოემბერს ქ.თბილისში ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ა.გ.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან თ.პ.-სთან მიახლოვება, მივიდა მასთან სამსახურში სუპერმარკეტ „კარფურში“ და თ.პ.-ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით საკანცელარიო დანით სახისა და ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა.

დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის და სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომლების აქტიურობის შედეგად ა.გ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.

სამართალდამცველებმა  ა.გ. 2020 წლის 23 ნოემბერს  დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „დ“ პრიმა ქვეპუნქტით, ,,ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და არაერთგზის) წარედგინა.

ბრალდების მხარე ა.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, ქალთა მიმართ და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ პროკურატურა აგრძელებს  მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. 2020 წლის ცხრა თვის მონაცემებით:

ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3633 პირის მიმართ;

გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმართ;

ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელია – 94%, ხოლო დაკმაყოფილებულია – 54%.

მსგავსი