გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება გაიხსნა
გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება გაიხსნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად, გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება დღეს გაიხსნა.

სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, სავაჭრო ობიექტის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც უზუნველყოფს ბაზრის ტერიტორიაზე შემავალი ავტომობილების დეზინფექციას, მომხმარებლის დამცვავი საშუალებებით აღჭურვას, ტარდება თერმოსკრინინგი და ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დისტანციის დაცვას.

„პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში, მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა, რაშიც აქტიურად არის ჩართული ბაზრის ადმინისტრაცია“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ გრძელდება აგრარულ ბაზრებთან აქტიური მუშაობა, რათა მათი მუშაობის აღდგენა დროულად მოხდეს.

3 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 30-მდე აგრარული ბაზარი მუშაობს.

ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

აგრარული ბაზრების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.