გლდანის მე-6 მიკრორაიონში ხვალიდან ახალი პარკის მოწყობა იწყება
გლდანის მე-6 მიკრორაიონში ხვალიდან ახალი პარკის მოწყობა იწყება

თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში ხვალიდან ახალი პარკის მოწყობა იწყება.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გლდანში ახალი პარკის მშენებლობის მიზნით პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისადმი მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც სრულდება.

„გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა. საუბარია დაახლოებით, 13 000 კვადრატულ მეტრზე. ამ დაპირებას ვასრულებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შესრულდეს ყველაფერი, რასაც მოსახლეობას ვეუბნებით. ტენდერი უკვე გამოცხადდა, ხელშეკრულება გაფორმებულია და ხვალ, ამ პროექტის განხორციელებას ვიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე, სავარჯიშო მოედანი, საბავშვო სათამაშო მოედანი, სარწყავი სისტემა, ველოსიპედის და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება გარე განათება და მოეწყობა სხვა, პარკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ტერიტორია გამწვანდება.

კალაძის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ოთხ თვეში დასრულდება.