გივი თარგამაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
გივი თარგამაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, გივი თარგამაძემ შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

როგორც თარგამაძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარ თავს ხედავს ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭირო იქნება.

„პირველ რიგში, გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ იმ ხალხს. მხნეობა და გამძლეობა რომ ვუსურვო, რამხელა მხნეობა აქვთ, დიდი ხანია, დაამტკიცეს. ამიტომ ჯანმრთელობა და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება. მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეს თვეები მგულშემატკივრობდნენ, განსაკუთრებით ჩემს ოჯახს ედგნენ გვერდით. ჩემი ცოლიც, შვილებიც მებრძოლი გოგოები არიან, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ. ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ, მიყვარხართ ყველა.

ცოტა ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა. ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის. ანუ ამაფეთქა. სადღაც გვერდზე იჯდა ადამიანი, რომელიც თავის დროზე ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან. შემოგვიერთდნენ რომეო და ჯუ, შემდეგ ლილუ. საბოლოო ჯამში, მეზობელმაც ვერ მოითმინა, მაინც გული რა არის, თებერვლამდე შეეძლო მოცდა, მაგრამ ცოტა ხანი მაინც ჩემთან სიახლოვე რომ ეგრძნო, შემომიმეზობლდა. დიდი ხანი ერთ სივრცეში არ გვაჩერებენ, მაგრამ არა უშავს. მე გავამაგრებ ხვიჩას და ის გაამაგრებს აქაურობას.

ჩემს თავს ვხედავ ამ ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭირო ვიქნები. ამისთვის აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ. ვინაიდან წლების განმავლობაში მქონდა შანსი, მოვხვედრილიყავი რუსულ ან ბელარუსულ ციხეში, მზად ვიყავი ამ ყველაფერისთვის. შედარება არ არის ხომ აქაურობა. ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, რათა უკეთეს ფორმაში ვყოფილიყავი ფიზიკურადაც, მორალურადაც“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ოპოზიციური პარტიების კონსულტაციებში, თარგამაძემ განაცხადა:

„ვინაიდან არ აწარმოვადგენ არცერთ პარტიულ ლიდერშიპს, ასეთი სეგმენტი არ მაქვს, მაგრამ ჩემს იდეებს მივაწვდი. ზურასთან შევთანხმდით უკვე, რომ გავუზიარებთ ერთმანეთს. ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა, რომ ზურა ცოტა ადრე გამოვიდა, ყველაფერი იცის და მარტივია მასთან დალაპარაკებით. იქიდან მართლა ობობას ველაპარაკებოდი შვიდი თვე. ამიტომ ახლა ვერავის ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებ. ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი, რა ხდება, როგორ ხდება“.

კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ აფასებთ ამ შვიდ თვეს, თარგამაძემ უპასუხა, რომ „ეს არის ფასი“.

„ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასია. რთულია, არ არის მარტივი, ზოგ შემთხვევაში, ტრაგიკულიც არის. საბედნიეროდ, არ არის გამოუსწორებელი ფასი, რასაც ახლა ვიხდით, გინდათ ერთწლიანი, ორწლიანი, რამდენიმეთვიანი თუ რამდენიმედღიანი პატიმრობა. ძალიან მნიშვნელოვანია და თან მაგარია, რომ ამ ფასის გადახდაზე ხალხი უარს არ ამბობს, ამის გამო არ ჩერდება. თუ ახლა გაჩერდები, ავტომატურად აიწევს ეს ფასი და იმ ნიშნულზე აიწევს, რასაც ახლა ირანში, კიდევ უფრო უკრაინაში ვაკვირდებით. ამიტომ ეს ფასი გადასახდელია, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს. რაღაც საფრთხეების გამო არბრძოლა არის მაშინვე მარცხი. ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, მარცხისთვის ვიყოთ მზად. გარწმუნებთ, ბევრად მოწყვლადი არის ახლა ეს რეჟიმი. ამას ვხედავდი ციხეშიც მათი პოპულაციის განუწყვეტელი მატების გამო. სხვათა შორის, მინდა, უფასო რჩევა მივცე იმ „ქოცებს“, რომლებიც რიგში არიან, შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ არიან, ვიდრე დრო აქვთ, მიხედონ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების საკითხს და შემდეგ მრავალი წლის მანძილზე, ცხელი ღამეებისა და დღეების განმავლობაში ჩემი მადლიერები იქნებიან ამ რჩევის გამო. ამ ციხეში წყალია პრობლემა, ზაფხულში უფრო, სხვა მხრივ იჯდომება. აწი თვითონაც ნახავენ და დარწმუნდებიან“, – განაცხადა თარგამაძემ.

გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თარგამაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.