ირმა ნადირაშვილი - ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჭაობს
ირმა ნადირაშვილი - ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჭაობს

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან იმ კორუფციული გარიგებების გამო გადააყენეს, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ გამოააშკარავა.

პარტიის წარმომადგენლის ირმა ნადირაშვილის განმარტებით, ალავიძეს სამინისტროში კორუფციული სისტემა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ჰქონდა აწყობილი.

„სიმართლე არის ერთი, მინისტრი მოხსნეს თანამდებობიდან იმ კორუფციული გარიგებების გამო, რომლის თაობაზეც „ევროპული საქართველო“ და ასევე, მედიის დიდი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა.

ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჭაობს. კორუფციული ფაქტები უკავშირდებოდა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი სეთურიძეს. ჩვენ ვიხილეთ სქემა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სეთურიძის და ალავიძის ფულის კეთების ნოუჰაუ. სეთურიძე და ალავიძე ახერხებდნენ იმას, რომ კერძო კომპანიები ჯერ იგებდნენ ტენდერებს გზების მშენებლობაზე და შემდგომ ამ კერძო კომპანიებში სამუშაოდ გადადიოდნენ სეთურიძის მოადგილეები, ეს სხვა არაფერია თუ არა ე.წ. ატკატის მიღების გზა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„ევროპულ საქართველოში“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრზე მაია ცქიტიშვილზეც საუბრობენ. გივი თარგამაძის თქმით, ის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა, რადგან ცქიტიშვილი ყოფილი პრემიერის პირადი კადრია.

„ქალბატონი ცქიტიშვილის დანიშვნა ნიშნავს, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი დაინიშნა, საფრთხე ამ კორუფციული სისტემის გაგრძელების არ მოხსნილა“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ისინი მოვალ კვირას სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სააგენტოს დამატებით მიაწოდებენ დოკუმენტაციას, თუ როგორ მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში კორუფციული სისტემა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.