გივი თარგამაძე - შოთა ჭიჭიაშვილს პერიოდულად რუსეთის ტერიტორიიდან უშვებდნენ უკრაინაში არასასურველი ადამიანების განადგურებისთვის
გივი თარგამაძე - შოთა ჭიჭიაშვილს პერიოდულად რუსეთის ტერიტორიიდან უშვებდნენ უკრაინაში არასასურველი ადამიანების განადგურებისთვის

შოთა ჭიჭიაშვილი იყო ედუარდ შევარდნაძის პერიოდის ნომერ პირველი ტერორისტი, მისი ბანდა იყო ყველაზე სისხლიანი, მას უკავშირდება სულ მცირე ოთხი პოლიციელის, ერთი პროკურორის მკვლელობა, ყველა ხმაურიანი გატაცება, რაც იმ დროს გვახსოვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ჭიჭიაშვილი და მისი ბანდის წევრები იყვნენ კახა თარგამაძის მფარველობის ქვეშ.

„მათი კურატორი იყო თამაზ თამაზაშვილი, როგორც კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი. მისი ბანდის ერთ-ერთი საყრდენი წევრი ახლა იხდის სასჯელს იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ახმეტაში სახლთან დაუდო ასაფეთქებელი. მეორე ბანდის საყრდენი წევრი დიმიტრი აბრამიშვილი, პროკურატურის დადასტურებითვე, მიუხედავად იმისა, რომ ცინიკურად მას ეჭვმიტანილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, მაგრამ დაადასტურეს, რომ ჩემ აფეთქებაში მონაწილეობდა. ჩემი ინფორმაციით, ის აფეთქების შემდეგ გაემართა მოსკოვში. ის მოსკოვში ჭიჭიაშვილთან ერთად მოღვაწეობა, იმყოფებოდა უკრაინაშიც. ჩემი მოპოვებული სატელეფონო ნომრების იძულებითი შემოწმების შემდეგ, პროკურატურამ დაადასტურა, რომ რუსული ნომერი აქტიური იყო მხოლოდ ჩემი აფეთქების შემდეგ რამდენიმე საათით. განხორციელდა რამდენიმე ზარი ახმეტიდან და ერთ-ერთი, ვინც რეკავდა, იყო ჭიჭიაშვილის მამა. ჩემი ინფორმაციით, რეკავდნენ ჭიჭიაშვილის დეიდაშვილთან მუსა ხანგოშვილთან, რომელიც ამჟამად იმყოფება ქართულ საპატიმროში. შეუძლია, მასაც ჰკითხონ და ბევრ რამეს გაიგებენ. ის ფაქტი, რომ ჭიჭიაშვილს უკრაინული პასპორტი და გვარი ჰქონდა, ჩემთვის არის უტყუარი დასტური იმისა, რომ მას პერიოდულად რუსეთის ტერიტორიიდან უშვებდნენ უკრაინაში არასასურველი ადამიანების განადგურებისთვის“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, ჭიჭიაშვილი ასევე ფიგურირებდეს ხანგოშვილზე თავდასხმაში, რომელიც განხორციელდა გაგარინის მოედანზე თბილისში.

„ეს ხელისუფლება არანაირ გამოძიებას არ ჩაატარებს, მაგრამ მჯერა, რომ ერთი წლის შემდეგ, ყველა საქმეზე ჩატარდება გამოძიება“, – განაცხადა თარგამაძემ.

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქის, შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. როგორც უკრაინული მედია წერს, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა.

შოთა ჭიჭიაშვილს ადამიანების გატაცებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მან 2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე დატოვა საპატიმრო.