გივი თარგამაძე - ეშმაკმა მახე დაგვიგო, ნულპროცენტიანი ბარიერი შემოგვიგდო, პარტიებს დაბეჭდავს, შეაჯვარებს და ისე მოიგებს, ტყუილი შიშებია
გივი თარგამაძე - ეშმაკმა მახე დაგვიგო, ნულპროცენტიანი ბარიერი შემოგვიგდო, პარტიებს დაბეჭდავს, შეაჯვარებს და ისე მოიგებს, ტყუილი შიშებია

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა უბრალოდ გამარჯვება, უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გივი თარგამაძე წერს.

მისი თქმით, ეს პოლიტიკურ სისტემას გააჯანსაღებს და ქვეყანას იქ მიიყვანს, რომლისთვისაც დღეს რუსთაველის გამზირზე იბრძვიან.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა უბრალოდ გამარჯვებაა, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არის, რომელიც გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას და საბოლოოდ, მიიყვანს ქვეყანას იქ, სად მისასვლელადაც იბრძვიან დღეს რუსთაველზე, რისთვისაც დასახიჩრდნენ, რისთვისაც წირავდნენ ცხოვრებას პატრიოტები – დიდ ევროპულ ოჯახში. დანარჩენი ბუღალტერიაა – ვაიმე ეშმაკმა მახე დაგვიგო, ნულპროცენტიანი ბარიერი შემოგვიგდო, ეგ ტრიუკების ოსტატი ახლა პარტიებს დაბეჭდავს, შეაჯვარებს და ისე მოიგებს – სულ ტყუილი შიშებია. ის თავის ელექტორატში ითევზავებს და მაგ ხმებს ერთი პარტიით აკრეფს, თუ ოცდათვრამეტით, ჩვენი თავსატეხი არაა“, – განაცხადა თარგამაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, ბუნებრივად ბარიერიც შეიქმნება დაახლოებით 1 პროცენტამდე.

თარგამაძე მიიჩნევს, რომ პროევროპული ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში 50 პროცენტზე მეტს აიღებს.

„ანუ, ქოცები, თავის სატელიტებიანად, პრორუსებიანად, დამარცხდებიან. ეს თუ გამარჯვება არაა, თანაც უმნიშვნელოვანესი, აბა, რა არის? ჩვენ არ გვეშინია ჩვენი კამპანიის წარმოების, არ გვეპარება ეჭვი ჩვენს ძალებში, ჩვენს ხმებს ავიღებთ და ყველა აიღებს თავისას. ჩვენ რუსთაველზე მდგომებს არ ვატყუებთ, რომ „ქოცების“ დამარცხება ჩვენი გამეფებისთვის არ გვინდა. მართლა არ გვინდა. გვინდა, ევროპული პარლამენტი, მმართველობა და ასეთ ცივილიზებულ სისტემაში მკაფიოდ ვხედავთ ჩვენს ადგილს. ასე რომ: დაჭერილები გამოვლენ; გახარია გადადგება“, – წერს გივი თარგამაძე.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.