გივი მიქანაძის თავმჯდომარეობით, ზაგრებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა
გივი მიქანაძის თავმჯდომარეობით, ზაგრებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა

ქალაქ ზაგრებში, ხორვატიის პარლამენტში, გივი მიქანაძის თავმჯდომარეობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომა ეროვნული პარლამენტების მნიშვნელობისა და მათი როლის გაზრდის საკითხებს ეხებოდა.

სხდომაში ევროპის საბჭოს 20 ქვეყნიდან 30-მდე დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. სხდომას ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ხორვატიის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფურიო რადინმა, ხორვატიის იუსტიციის მინისტრმა, ივან მალენიცამ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხორვატიის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარიანა ბილიჩმა.

სხდომის ფარგლებში განიხილეს ხორვატიის, სლოვენიისა და ჩეხეთის გამოცდილება ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, რაზეც შესაბამისი მოხსენებები გააკეთეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო და ომბუდსმენის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების არსებულ დადებით პრაქტიკასა და გამოცდილებაზე.

ცალკე განხილვის თემა იყო, თუ რა როლი შეუძლია, შეასრულოს ეროვნულმა პარლამენტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის კუთხით. ამ თემაზე მოხსენებები გააკეთეს ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის წევრმა, მაია მორაჩანიჩმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბოიანა ნიკოლიჩმა.

სხდომის დასასრულს მიღებული შედეგები შეაჯამეს და შემდგომი მოქმედებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები განსაზღვრეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.