გივი მიქანაძემ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ანდრი ბუტენკოსთან.
განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
გივი მიქანაძემ უკრაინელ კოლეგას საქართველოს განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ინიციატივები გააცნო.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის სამეცნიერო-კვლევით სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით ახალი შეთანხმების გაფორმებას.
ანდრი ბუტენკომ გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისა და მოსწავლეებისთვის უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდების ორგანიზებისთვის.
შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა განათლების ფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.