გივი მიქანაძე - წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეკლესია მიზანმიმართული შეტევის ობიექტს წარმოადგენს
გივი მიქანაძე - წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეკლესია მიზანმიმართული შეტევის ობიექტს წარმოადგენს

წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეკლესია მიზანმიმართული შეტევის ობიექტს წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალები ცდილობენ, საზოგადოება გახლიჩონ და ამით კონკრეტულ ადამიანებს აფიქრებინონ, რომ ასეთი პოზიციონირება ევროპული ღირებულებების ნაწილი მართლაც არის, რაც რეალურად არ არის.

„ეს სახიფათო პროცესია, რასაც რადიკალები ეწევიან. შალვა პაპუაშვილმა 70-80 წლების პერიოდზე დეტალურად ისაუბრა, როცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იყო აღსაყდრებული, როგორ ჩაუდგა სათავეში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საბჭოთა კავშირის პირობებში და მოსახლეობა იმ პროცესისთვის როგორ მოამზადა, რასაც განმათავისუფლებელი მოძრაობა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ჰქვია. ოპოზიციის განცხადებები მართლაც შემაშფოთებელია. ეკლესიისთვის და იქ მყოფი ადამიანებისთვის პრორუსულობის დაბრალება ძალიან მიუღებელი და დასაგმობი ბრალდებაა. ეკლესიაში რადიკალები, ფაქტობრივად, მტრის ხატს ხედავენ და უტევენ. „ქართული ოცნებისთვის“ ეკლესია და ეროვნული ღირებულებები განმსაზღვრელი პრიორიტეტია“, – განაცხადა მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილში აღნიშნულია, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. ამასთან, წერილში პაპუაშვილი აღნიშნავს: „რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“, „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს“.