გივი მიქანაძე – ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს მაღალი აკადემიური მოსწრებაა საჭირო 100%-იანი დაფინანსებისთვის, სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი, მინიმალური ნიშნული
გასული ორი დღის განმავლობაში კონკრეტული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან დეზინფორმაციულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანას და არასწორი აღქმების შექმნას, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დეტალურად განვუმარტოთ საზოგადოებას, რას მოიცავს სტუდენტისთვის დაფინანსების ახალი მოდელი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ახალი მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სწავლა სრულად ფინანსდება, თუმცა პირველი ორი სემესტრის განმავლობაში უკვე სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს, დააგროვოს დადგენილი კრედიტების, მინიმუმ, 80%, რათა მესამე სემესტრში მოიპოვოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება.
„ორი დღის წინ მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელმაც ახლებურად, გაუმჯობესებულად განსაზღვრა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის 2027 წლიდან, როგორ უნდა განხორციელდეს დაფინანსება. ამასთანავე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გასული წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, მისმა საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ძალიან დიდი ძალისხმევით და გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირეს 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის უფასო სწავლის შემოღებას. უფასო სწავლასთან დაკავშირებით ეს წესი ასევე გაიწერა იმ დადგენილებაში, რომელიც მთავრობამ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა.
ჩვენ ვნახეთ, რომ გასული ორი დღის განმავლობაში კონკრეტული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან დეზინფორმაციულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანას და საზოგადოებისთვის არასწორი აღქმების შექმნას. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დეტალურად განვუმარტოთ საზოგადოებას, რას მოიცავს დაფინანსების ეს მოდელი თითოეული იმ სტუდენტისთვის, რომლებიც უკვე დასრულებული ეროვნული გამოცდების შედეგად სექტემბრიდან სწავლას დაიწყებენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.
ამ მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება, ანუ სტუდენტს და მის ოჯახს არ უწევს არაფრის გადახდა სწავლაში, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ სრულიად უფასოდ, მაგრამ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში უკვე სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს, დააგროვოს დადგენილი კრედიტების, მინიმუმ, 80%, რათა მესამე სემესტრში მოიპოვოს ასევე სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება. შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი გამომდინარე იქიდან, რომ დაგროვილი კრედიტების მიხედვით, თუკი 80% ან მეტია ყოველ სემესტრში, სტუდენტი შემდეგ სემესტრზე მოიპოვებს უფასო სწავლის შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტი 80%-ს ვერ დააგროვებს, ასეთ მოცემულობაში სახელმწიფო მაინც შემოდის წილობრივ დაფინანსებაში და მიუხედავად იმისა, რომ იყო თავდაპირველად სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან რეკომენდებული, რომ დაახლოებით 15%-ზე ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც ამ დადგენილებაში უკვე სამართლებრივი კუთხით აისახა და სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს შემდეგი სემესტრისთვის, სახელმწიფო ამ შემთხვევაში 50%-ს დააფინანსებს. თუმცა, ამავდროულად, სტუდენტს ეძლევა საშუალება, შემდეგ სემესტრში მან დამატებითი საგნები აიღოს და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, უკვე მომავალი შემდეგი სემესტრიდან კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება“, – აღნიშნა მიქანაძე.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მაღალი აკადემიური მოსწრებაა საჭირო სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსების მისაღებად.
„ამასთანავე, ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის მოცემულობა კონკრეტული პირებისგან, რომ თურმე საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რათა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი ნიშნული, ანუ მინიმალური ცოდნა და მინიმალური უნარები უნდა აჩვენოს თითოეულ საგანში, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს და ამ შემთხვევაში მას უკვე კრედიტი უფიქსირდება, არა აქვს მნიშვნელობა ეს არის მაღალი ქულებით მოპოვებული კრედიტი თუ დაბალი ქულებით და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ მხარდაჭერას.
აღნიშნული მოდელი შემუშავდა ძალიან აქტიური თანამშრომლობით მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, სადაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოდელები. მმართველმა გუნდმა როდესაც მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, 100%-ით დაგვეფინანსებინა სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, ჩვენ გავიზიარეთ მოდელი, რაც იმ ქვეყნებშია, სადაც ანალოგიურად ხდება სახელმწიფოს მხრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსება, რომ გარკვეული ეტაპის შემდეგ ეს უნდა იყოს სასწავლო პროცესის შედეგებზე დაფუძნებული მოცემულობა. სწორედ ამიტომ არის 80%-იანი მოცემულობა, რაც აბსოლუტურად შესაბამისობაშია პრაქტიკასთან, რომელიც იმ ქვეყნებში არსებობს, სადაც სახელმწიფო აფინანსებს სასწავლო პროცესს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ეს პროცესი აღიქმება, როგორც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე 2026-27 სასწავლო წლიდან ჩაირიცხება, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თითოეული ჩვენი ახალგაზრდის მხარდაჭერა, რომ მათი სწავლა, შრომა და მიზანდასახულობა მაქსიმალურად დაფასდეს“, – აღნიშნა მიქანაძემ.
რაც შეეხება მობილობის შემთხვევაში დაფინანსებას, როგორც მიქანაძემ განმარტა, სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლისას, სტუდენტს მოპოვებული დაფინანსება გაუგრძელდება, კერძო უნივერსიტეტში კი – არა.
„სტუდენტი თუ გადადის სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით, ასეთ მოცემულობაში მას დაგროვილი კრედიტებიდან გამომდინარე, შესაბამისი სწავლის დაფინანსების სქემა გადაჰყვება, ანუ, თუ 80 პროცენტი და მეტი აქვს, სადაც გადავა იქაც უფასოდ ისწვლის, თუ 80%-ზე ნაკლები აქვს, ამ შემთხვევაში 50 პროცენტი იქნება. თუმცა, იქაც ექნება შემდეგ სემესტრში გაუმჯობესების შესაძლებლობა. მობილობით თუ გადავიდა კერძო უნივერსიტეტში , იქ დაფინანსება აღარ ექნება, რადგან, იცით, რომ კერძო უნივერსიტეტის დაფინანსება ახალი მოდელით არ არის გათვალისწინებული“, – განაცხადა მიქანაძემ.