გივი მიქანაძე - ვერავინ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ სკოლაში ტელეფონით მივიდეს, თუმცა საგაკვეთილო პროცესისას გამოყენება აიკრძალება, ამ წესის დანერგვა ცოდნის ამაღლებას და ჩართულობას გაზრდის
ერთგვარი ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ. არავინ და ვერავინ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ მობილური ტელეფონით მივიდეს სკოლაში, თუმცა აქ ჩვენი მთავარი აქცენტი და ყურადღების კონცერტირება ხდება იმაზე, რომ მობილური ტელეფონისადმი წვდომა არ იყოს საგაკვეთილო პროცესში, ანუ სწავლის პერიოდში, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მიქანაძემ უპახუხა წამყვანის შეკითხვას, როგორ და რა მეთოდებით გეგმავს სამინისტრო, რომ შეასრულოს საკმაოდ მძიმე მისია, რაც ეხება მოსწავლეებისთვის მობილურზე წვდომის შეზღუდვას, რაც გაჯეტების საუკუნეში ნამდვილად გამოწვევაა.
„მხოლოდ ამ პერიოდში მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში მიიტანენ მობილურ ტელეფონს, სპეციალურად გამოყოფილ უსაფრთხო ადგილას მოხდება ამ მობილურების განთავსება და სასწავლო პროცესი როდესაც დასრულდება ან შესვენების დროს, თუ მათ ექნებათ საჭიროება, რომ მშობელს ან მათთვის საინტერესო პირს შეეხმიანონ მობილურის საშუალებით, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ მისი გამოყენების შესაძლებლობა. უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის დროს მობილურების ქონა და გამოყენება იქნება აკრძალული. ჩვენ გავწერთ წესს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სასწავლო წლის დაწყებიდან ეს წესები ავამოქმედოთ, რა თქმა უნდა, გავაცნოთ როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებს და, შესაბამისად, ვფიქრობთ, ამ წესის დანერგვით მოსწავლეები უფრო ორიენტირებული გავხადოთ სასწავლო პროცესზე და უზრუნველვყოთ უფრო მეტად ჩართულობა და ინკლუზიურობა ამ კონტექსტში, რაც, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, მათი ცოდნის ამაღლებას და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ბევრად გაზრდის და ეფექტიანს გახდის“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, საგამონაკლისო წესი დღესაც არსებობს, როცა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ყველა საჯარო სკოლაში მსგავსი პრინციპი არის დანერგილი, რომ კლასის დამრიგებლის ტელეფონი არის ცნობილი ყველა მშობლისთვის და საჭიროების შემთხვევაში მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, შეეხმიანონ.
„ეს პროცესი პრაქტიკაში ძალიან კარგად მუშაობს. ამიტომ აქ რამე გამოწვევას ჩვენ ვერ ვხედავთ, ხოლო თვითონ მოსწავლეებს გაჯეტებით, ტელეფონებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ არასაგაკვეთილო პერიოდში; საჭიროების შემთხვევა, შეიძლება, საგაკვეთილო პერიოდშიც მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუკი არის რაღაც კონკრეტული გადაუდებელი აუცილებლობა“, – განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ცვლილებები იგეგმება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლის ფორმების შემოღების ნაწილში, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება ფორმასთან დაკავშირებით კრიტერიუმების გაწერა.
მისივე თქმით, 2026-27 სასწავლო წლიდან ფორმა უკვე სავალდებულო იქნება.
„ვფიქრობთ, ეროვნულ სიმბოლიკის რაღაც გარკვეული ელემენტები, მუნიციპალიტეტთან ან ქალაქთან დაკავშირებული სიმბოლიკის დაკავშირებაც იყოს ამ ყველაფერთან, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობის, განხილვის საგანია და ეს არის, უბრალოდ, კონკრეტული იდეები, რომლებიც თავში გვიტრიალებს და ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ როდესაც ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ კრიტერიუმებს, გამოვაცხადებთ კონკურსს, სადაც შევთავაზებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები და ვაპირებთ, წარმოდგენილი ნამუშევრები საყოველთაო განხილვასა და კენჭისყრაზე გავიტანოთ საზოგადოებაში. შეიძლება იყოს სამი-ხუთი ვარიანტი, პირობითად, გამომდინარე იქიდან, რამდენ განაცხადს მივიღებთ, შევხედავთ, კრიტერიუმები რამდენად დაცულია და საზოგადოებამ კენჭი უყაროს, რომელი ფორმა უფრო იქნება მათთვის მისაღები. შემდგომში ეს იქნება სამი თუ ხუთი, ამაზეც უნდა შევჯერდეთ და შევთანხმდეთ, ყოველ შემთხვევაში, ერთი და ორი არ იქნება, ანუ, მეტობით იქნება და თვითონ სკოლას მიეცემა საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი დიზაინის ფორმა შეარჩიოს და შეაკერინოს. საზოგადოების ჩართულობა და მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ გვიხარია, ჩვენს შვილები როგორ იქნებიან გამოწყობილი“, – განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტთან შეთანხმებით და მისი დიდი მხარდაჭერით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები იმ ოჯახებიდან, რომლებიც სამინისტროში აღრიცხული არიან სოციალური სამსახურის მიერ და რომლებსაც დაუდგინდათ 60 000, ან უფრო ნაკლები ქულა, ფორმის კომპლექსს მიიღებენ უსასყიდლოდ, სახელმწიფოსგან.