გივი მიქანაძე თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერთან, გიორგი ტყემალაძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ვაკე-საბურთალოს, ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონების საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის №199 საჯარო სკოლის, თბილისის №161 საჯარო სკოლისა და თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ეზოები და სასწავლო სივრცეები. პარალელურად მიმდინარეობს თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობის გადახურვის, საკლასო ოთახებისა და სველი წერტილების განახლების სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე ჩატარდა თბილისის №31 საჯარო სკოლაში.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო, სრული რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მინისტრსა და ვიცე-მერთან ერთად სკოლევში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე დედაქალაქის შესაბამისი რაიონების გამგებლები.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.