გივი მიქანაძე - სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი სისტემა წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე იყო დაფუძნებული
გივი მიქანაძე - სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი სისტემა წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე იყო დაფუძნებული

„ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის შეფასებით, აკაკი ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი სისტემა წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე იყო დაფუძნებული.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული სისტემური ხასიათის დანაშაულია და არა ერთეული შემთხვევა.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა – საქართველოს წინააღმდეგ“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა სისტემა იყო შექმნილი წინა ხელისუფლების მიერ, რომელიც დაფუძნებული იყო წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატიმრობის თუ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელს იხდიდნენ, როგორი სისტემური ძალადობრივი მიდგომა იყო იმ სისტემისგან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა. სტრასბურგის მორიგი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ეს იყო არა ერთეული შემთხვევა, არამედ სისტემური ხასიათის დანაშაული. ამით სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ 2011 წლის ფაქტი არ წარმოადგენდა ერთ კონკრეტულ შემთხვევას და იყო სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი. ამით დაადასტურა, რა ძალადობრივი ხელისუფლება იყო სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული“, – განაცხადა მიქანაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენჯერმე.