გივი მიქანაძე - სკოლაში რეგისტრაციის ახალი კომპონენტი მარტიდან შემოგვაქვს, ვიდრე საყოველთაო ეტაპზე გადავალთ, პირველკლასელების რეგისტრაცია მოხდება მისამართის მიხედვით
არაერთი შემთხვევაა, რომ, მაგალითად, ოჯახს სკოლა აქვს, დაახლოებით, 400-500 მეტრის რადიუსში, მაგრამ ამ სკოლაში ბავშვის რეგისტრაციის პრობლემაა, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სისტემა გამართულად მუშაობს და, მიუხედავად ამისა, საყოველთაო რეგისტრაციის პროცესში ჩართული არიან სხვადასხვა რაიონის, უბნის მცხოვრებლები, სისტემის გადატვირთულობიდან გამომდინარეც შეიძლება, მოხდეს ისე, რომ, სიტყვაზე, საბურთალოზე, კონკრეტულ სკოლაში გლდანში მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაარეგისტრიროს ბავშვი, საბურთალოზე, იქვე, ამ სკოლასთან მცხოვრებმა ოჯახმა კი ვერ დაარეგისტროს საკუთარი შვილი. რა თქმა უნდა, ეს იწვევს გარკვეულ გაღიზიანებას და ბრაზსაც, რაც აბსოლუტურად გასაგებია. ასევე არის არათუ იშვიათი შემთხვევები, როცა მცხეთიდან, კასპიდან, რუსთავიდან, თბილისში დაჰყავთ კონკრეტულ სკოლებში ბავშვები და ეს მოცემულობა არაადეკვატურია იმ მიმდინარე პროცესებისგან, სადაც ვცხოვრობთ. ეს, გარკვეულწილად, დილის მოცემულობაში ავტოტრანსპორტის შეფერხებასაც ქმნის. ამ რეფორმის განხორციელებით ჩვენი მიზანია, ყველა სკოლა იყოს პრესტიჟული, ყველა სკოლაში დაინერგოს ერთიანი სტანდარტი და განსხვავებითობის რაღაც კომპონენტი არ არსებობდეს, ყველა სკოლა ერთიან უმაღლეს სტანდარტს უნდა პასუხობდეს და სწორედ ამაზე არის მიმართული სახელმძღვანელოების თემები და ყველა ის კომპონენტი, სხვადასხვა დისციპლინის გაძლიერება“, – განაცხადა მიქანაძემ.
ამ განცხადებით გივი მიქანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იმ პირობებში, როცა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, იზრდება განაშენიანება-ურბანიზაცია, რამდენად იქნება საკმარისი სასკოლო ინფრასტრუქტურა, როცა იგეგმება სკოლებში მოსწავლეების გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით რეგისტრაცია.
მიქანაძის თქმით, უკვე რამდენიმე წელია, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება, რომელიც ათეული წლებია, არ განახლებულა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული სრულიად ახალი სკოლის მშენებლობა ან სრულად რეაბილიტირება მოხდა, ეს საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება.
„ეს საკითხი დარეგულირდება, უბრალოდ, ამას სჭირდება დრო, რამდენიმეწლიანი ეტაპი. რიგ შემთხვევებში გარკვეული პროცესების შეფერხება გამოიწვია არაკეთილსინდისიერმა კონტრაქტორმა, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა და ძალიან რთულია, შენ აუხსნა მშობელს, ვთქვათ, კომპანიამ რომ არ შეასრულა ვალდებულებები, სკოლა რატომ არ აშენდა ან ვერ აშენდა. ამ შემთხვევაში ბავშვს უკვე უწევს სხვა სკოლაში გადასვლა, იქ სხვადასხვა ცვლაში ყოფნა, ეს არის რესისტანციურად უფრო გაზრდილი და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს სრული ხედვა და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან; ყოველწლიური გეგმები უკვე განვსაზღვრეთ, 2026, 2027, 2028, რაც გვაძლევს სრულ ხედვას, ამ სამი წლის განმავლობაში რომელი სკოლების სრული რეაბილიტაცია ან ახლის მშენებლობა განხორციელდება, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე შემდეგი წლის მარტიდან შემოგვაქვს ახალი რეგისტრაციის კომპონენტი, ანუ, სანამ საყოველთაოზე გადავალთ, გვექნება სწორედ იმ უბნის ან იმ ქალაქის მიხედვით რეგისტრაცია და რეგისტრაციის მისამართის მიხედვით მოხდება პირველკლასელების რეგისტრაცია. ეს შეეხება მხოლოდ დიდ ქალაქებს პირველ ეტაპზე“, – განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრმა, მაგალითისთვის, დიდ დიღომში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ავიღოთ დიდი დიღმის მოცემულობა, სადაც ჩვენ განაშენიანებაში და, ასე ვთქვათ, დასახლებაში, რომელიც მზარდია, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ სამი საჯარო სკოლა და, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევაა. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, სწორედ დიდ დიღომში მცხოვრებლებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაარეგისტრირონ საკუთარი შვილები იმ სამ სკოლაში, მაგრამ თუკი მათ ადგილი არ ეყოფათ, სწორედ ამიტომ, სანამ ინფრასტრუქტურის საკითხი ბოლომდე არ გადაწყდება, ჩვენ გვაქვს საყოველთაობის პრინციპი, რაც მშობელს მისცემს საშუალებას, რომ თბილისის მასშტაბით შემდგომ ეტაპზე ნებისმიერ სხვა სკოლაში დაარეგისტრიროს და მიიყვანოს ბავშვი. ეს კომპონენტი, უბრალოდ, უფრო მეტად აწესრიგებს კონკრეტულ უბანში, კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ ქალაქში მოსწავლეების რეგისტრაციას“, – განაცხადა მიქანაძემ.