გივი მიქანაძე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა მიუღებელი და წარმოუდგენელია, საზოგადოების კუთვნილი ტელევიზიის მიტაცების კომპონენტი იკვეთება, რაც ცალსახად ჩანს
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა მიუღებელი და წარმოუდგენელია. საზოგადოების კუთვნილი ტელევიზიის მიტაცების კომპონენტი იკვეთება, რაც ცალსახად ჩანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, მცდელობა აქვთ, ფეხი მოიკიდონ საზოგადოებრივ მაუწყებელში.
„„ფორმულას“ ჟურნალისტები როცა ამბობენ, რომ ისინი არავის ტელევიზიას არ წარმოადგენენ, ეს ძალიან არასერიოზული, აბსურდის მატარებელი ინფორმაციაა. ყველამ იცის, რომ ეს კეზერაშვილის კუთვნილი ტელევიზიაა. ამასთანავე, კარგად იციან, რომ კეზერაშვილს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ „ფორმულას“ დაფინანსება აღარ გააგრძელოს და პირდაპირ იძლევა მინიშნებას, რომ ახლო მომავალში ეს ტელევიზია დაიხურება ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს მცდელობა აქვთ, რომ მიმდინარე მოვლენები სათავისოდ გამოიყენონ და თავიანთი სამომავლო ინტერესები დაიკმაყოფილონ, ფეხი მოიკიდონ საზოგადოებრივ მაუწყებელში.
პროცესები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ამ ადამიანების მხრიდან აგრესია ის კომპონენტია, რითიც ისინი გამოირჩევიან. ასევე, მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა განახორციელონ, რაც მიუღებელი და წარმოუდგენელია. საზოგადოება კარგად ხედავს ამ ადამიანების მიზნებს, ზრახვებსა და რეალურ საქმეებს. საზოგადოების კუთვნილი ტელევიზიის მიტაცების კომპონენტი იკვეთება, რაც მათი ქმედებებიდან ცალსახად ჩანს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.