გივი მიქანაძე - საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ოპოზიციის ნებისმიერი წინადადება ორიენტირებული იქნება მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე
გივი მიქანაძე - საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ოპოზიციის ნებისმიერი წინადადება ორიენტირებული იქნება მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე

რაც არ უნდა წარმოადგინონ, წინასწარვე ვართ დარწმუნებულები, რომ ბევრი ისეთი საკითხი იქნება, რომელიც სცილდება კონკრეტული რეკომენდაციების ფარგლებს და მათ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე არის მორგებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ოპოზიციის მიერ პარალელური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივების დოკუმენტის გამოქვეყნების შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია რაიმე არსებითს წარმოადგენს.

„პროცესი იმდენად დახურულად წარმართეს, ყოველგვარი გამჭირვალობისა და ინკლუზიურობის გარეშე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – ეს პროცესი რადიკალურმა ოპოზიციამ განახორციელა სპეციალურად იმისთვის, რომ მთლიანი პროცესისთვის ზიანი მიეყენებინა, თუმცა ხედავენ, ეს ვერ გამოუვიდათ, ამიტომ ჩვენ რაიმე მოლოდინი, რომ რაღაც არსებითს, მნიშვნელოვანს წარმოადგენენ, ნამდვილად არ გვაქვს. ვნახეთ, რომ არაერთხელ დააანონსეს გარკვეული საკითხების წარდგენა და ვნახეთ, რომ ეს შემდგომში გადაიდო. მაგალითად, გუშინ უნდა ყოფილიყო კონკრეტული კანონპროექტები წარმოდგენილი, მაგრამ გადადეს დღეისათვის. არ ვართ დარწმუნებული, რომ დღესაც მოახერხებენ და რაღაცას წარმოადგენენ, თუმცა რაც უნდა წარმოადგინონ, წინასწარვე ვართ დარწმუნებულები, რომ ბევრი ისეთი საკითხი იქნება, რომელიც სცილდება კონკრეტული რეკომენდაციების ფარგლებს და მათ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე არის მორგებული. მაგალითისთვის გეტყვით – დარწმუნებული ვართ, არჩევნების საკითხებზე ექნებათ აქცენტები, ბარიერის დაწევაზე, რაზეც არც ვენეციის კომისიის და არც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში მითითებები არ არის გაკეთებული. კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება, რომ მათ მიერ ნებისმიერი წინადადება, რაც უნდა იყოს წარმოდგენილი, იქნება ორიენტირებული მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე და არა ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე. ამიტომ დიდ პერსპექტივას ჩვენ ამისას ვერ ხედავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც წარადგენენ, გავეცნობით და ვნახავთ, თუ რა მოსაზრებები აქვთ. მმართველმა გუნდმა წარმართა ოპოზიციის ნაწილთან ერთად სამუშოები, რომლებთან ერთად აჩვენა კონკრეტული შედეგები 12-პუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად, რომელიც უპირველესად ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.